ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსლვა დააფიქსირა


თურქეთმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსლვა დააფიქსირა

პირველად თანამედროვე ისტორიაში თურქეთმა არა მხოლოდ დასძლია გლობალური ეკონომიკური კრიზისი არამედ, ევროპისგან განსხვავებით, 2010 წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსლვა დააფიქსირა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, რომ მიუხედავად ეკონომიკური აღმავლობისა თურქეთის მთავრობას საკმაოდ მწვავე საკითხების სასწრაფოდ გადაჭრა მოუხდება.

როცა 2002 წელს „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანას დამანგრეველი ეკონომიკური კრიზისი ემუქრებოდა.

თურქეთის ეკონომიკის დასახმარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეიმუშავა საგანგებო ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც თურქეთის მთავრობა ბეჯითად თითქმის ათი წლის მანძილზე ასრულებდა. შედეგად თურქეთი აღმავალი ეკონომიკის ქვეყანა გახდა.

ახლახან ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი წარმოქმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა იქნება.

თურქეთში იზრდება იმის საშიშროება, რომ ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი ყოველწლიურად 9 პროცენტს აღწევს, ამას შესაძლოა ეგრეთწოდებული „გადახურების“ ეფექტი მოჰყვეს, რაც უკვე იმაში გამოიხატა, რომ ინფლაციამ იჩინა თავი. ამას გარდა, შეშფოთებას იწვევს მზარდი დეფიციტი, რომელიც ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8 პროცენტს შეადგენს.

ემრე იგითი სტამბოლში მდებარე სავაჭრო ფირმა „გლობალ სექიურიტიში“ მთავარი ეკონომისტი გახლავთ. იგითის თქმით, მართალია ამჟამად თურქეთის სავაჭრო დეფიციტი საშიშროებას არ წარმოადგენს, არ არის გამორიცხული, რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება.

„თურქეთს სესხის სახით ყოველთვიურად სულ ცოტა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი სჭირდება. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ თურქეთის ეკონომიკა ძლიერია და რომ ხალხს, როგორც თვით ქვეყნის შიგნით ისე საზღვრებს გარეთ, ამ სიძლიერის მტკიცედ სჯერა. ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე წლის მანძილზე შეინიშნება და რატომღაც არავის ადარდებს. თუმცა ადრე თუ გვიან ამას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს,“ აღნიშნავს თურქი ეკონომისტი.

გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე თურქეთის ცენტრალური ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ითხოვენ რათა თურქი მომხმარებლების მიერ საიმპორტო საქონლის შეძენა შემცირდეს. მაგრამ ცენტრალური ბანკის ადმინისტრაცია შიშობს, რომ ამით ეკონომიკაში ახალი ფული შემოვა, რაც თურქეთის ფულადი ერთეულის ლირის ღირებულებასა და შესაბამისად საიმპორტო პროდუქციის მოხმარებას კიდევ უფრო გაზრდის.

შედეგად თურქეთის მთავრობა სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებას ცდილობს. ამ მიზნით ანკარა ბანკებისგან სარეზერვო აქტივების გაზრდას ითხოვს რაც მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სასესხო კაპიტალის შემცირებას იწვევს.

საბერძნეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამგვარი მიდგომა ბაზრებზე გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

თურქეთის ეკონომიკის წინაშე მდგარ პრობლემებში აგრეთვე აისახება ფუნდამენტური სტრუქტურული პრობლემები, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას.

ჩენგიზ აქტარი ბაჰჩესეჰირის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებას ასწავლის.

„ჩვენი ეკონომიკური აღმავლობის შენარჩუნება შეუძლებელია. ეს ხომ საზღვარგარეთიდან ფულადი სახსრების მუდმივ მოზიდვას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთში მოსახლეობის დანაზოგების საერთო მაჩვენებელი ნულს უდრის. ანუ ეკონომიკას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სჭირდება. ექსპორტის შესანარჩუნებლად იმპორტია საჭირო. ვშიშობ, რომ თუ ფუნდამენტური და მაკრო გადაწყვეტილებები არ მივიღეთ, ეს იღბლიანი ჯაჭვი გაწყდება,“ დასძენს ჩინგიზ აქტარი.

ევროპული სტანდარტებით, რომ ვიმსჯელოთ, თურქეთის ბევრი რეგიონი კვლავინდებურად ძალიან ღარიბია. თურქეთის აღმოსავლეთი რეგიონი ანატოლია, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სტამბოლისა და ქვეყნის დასავლეთ სანაპიროსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუმცა ეკონომიკური აღმავლობის გამო თურქეთი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების კატეგორიას უდავოდ მიუახლოვდა.

XS
SM
MD
LG