ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში გაეროს ღარიბი ქვეყნების კონფერენცია გაიხსნა


თურქეთში გაეროს ღარიბი ქვეყნების კონფერენცია გაიხსნა

კრიზისული მდგომარეობიდან გლობალური ეკონომიკის თანმიმდევრული გამოსვლის პარალელურად, თურქეთი გაეროს რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც მსოფლიოს სუსტად განვითარებულ ქვეყნებს ეძღვნება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, უღარიბესი ქვეყნების უმრავლესობას საკვებ პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე მზარდი ფასების გამო ძალიან უჭირს.

ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა გახსნა.

„გაეროს ყველაზე სუსტად განვითარებული ქვეყნების კონფერენციას გახსნილად ვაცხადებ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა გულმა.

კონფერენციის გახსნით სესიაზე თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1971 წელს პარიზში პირველი ამგვარი კონფერენციიდან მოყოლებული, მიუხედავად საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი მილიარდობით დოლარის, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა.

„1971 წელს მსოფლიოში 25 ყველაზე სუსტად განვითარებული ქვეყანა არსებობდა. ახლა ამ ქვეყნების რიცხვი 48-მდე გაიზარდა. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სუსტად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენს, მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში სულ ერთ პროცენტს აღწევს,“ -აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მას შემდეგ რაც გაერომ ამ ქვეყნების კატეგორია შემოიღო, მხოლოდ ბოტსვანა, კაპე ვერდე და მალდივის კუნძულები ეკონომიკურად იმდენად განვითარდნენ, რომ ისინი ამ სახელმწიფოთა სიიდან გავიდნენ. ხსენებულ კატეგორიაში მოხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი, რომელიც 750 დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. ხოლო იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ ეს კატეგორია დატოვოს, ეს მაჩვენებელი 900-ს დოლარს უნდა აღემატებოდეს. სხვა კრიტერიუმებში კვების ნაკლებობა, ბავშვთა სიკვდილიანობა და განათლების დონე შედის.

კონფერენციის მონაწილეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც მიმართა. მის მიმართვაში აღნიშნული იყო ის, რომ საკვებ პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე მზარდმა ფასებმა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს მძიმე დარტყმა მიაყენა. ბან კი მუნმა გააკრიტიკა შეძლებული სახელმწიფოები იმის გამო, რომ მათ ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფის მხრივ საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულეს.

„წარსულში ჩვენ ბევრი ძალიან დიდსულოვანი დაპირება მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაპირებების შესრულებას ქვეყნები დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ. დაპირებების შესრულების სფეროში გაერო მიღწეულ პროგრესსა და ვალდებულებების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს,“ -აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

თუმცა კონფერენციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხანებში უღარიბესი ქვეყნების უმრავლესობამ ეკონომიკური ზრდის „შედარებით მაღალი მაჩვენებლები“ დააფიქსირა, რაც თავის თავად იმედისმომცემია. გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო თანამეგობრობას უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტიციებისკენ მოუწოდა, რაც ქველმოქმედებას როდი ნიშნავს და გლობალური ეკონომიკური ზრდის ხელისშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

წარსულ კონფერენციებისგან განსხვავებით, თურქეთში მიმდინარე კონფერენციაზე კერძო სექტორს უფრო მეტი ყურადღება დაეთმო. დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ თემას ყველაზე სუსტად განვითარებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა. კერძოდ, ყურადღება გამახვილებული იყო ეგრეთწოდებულ სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობასა და აღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან კავშირების გაფართოებაზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანკარამ საერთაშორისო დახმარების მიზნით 1 მილიარდი დოლარი გამოყო. მართალია ეს თანხა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს, ათწლეულზე ნაკლები პერიოდის მანძილზე ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების გაათმაგებას ნიშნავს. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ თვით ის ფაქტი, რომ თურქეთი გაეროს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს იმის მანიშნებელია, რომ ანკარას სურს დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაურიც.

XS
SM
MD
LG