ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისის მომავალი კვლავინდებურად გაურკვეველი რჩება


Tunis

ტუნისის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ არჩევნები ივლისში გაიმართება. მაგრამ მას შემდეგ რაც თითქმის ორი თვის წინ დემონსტრანტებმა პრეზიდენტი ზინე ელ აბიდინ ბენ ალი დაამხეს, ამ ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნის მომავალი კვლავინდებურად გაურკვეველი რჩება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი ტუნისიდან იუწყება, რომ უცხოელი დამკვირებლები ტუნისში მიმდინარე გარდამავალ პოლიტიკურ პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან რადგან მათ იმედი აქვთ, რომ ტუნისის გამოცდილება არაბულ სამყაროში დემოკრატიული გავნითარების პროტოტიპი გახდება.

ქუჩებში დემონსტრაციების ხმა ტუნისში უკვე ნაცნობი გახდა. დემონსტრანტები მთავრობიდან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ზინე ელ აბიდინ ბენ ალის რეჟიმის წევრების განდევნას ითხოვენ.

ტუნისის დედაქალაქის შუაგულში ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციის რაზმებს შორის შეტაკება მოხდა.

გასულ პარასკევს დემონსტრანტებმა მთავრობის შენობის წინ გაშლილი კარვების ბანაკი დაშალეს. მათი მოთხოვნების უმრავლესობა დაკმაყოფილდა. სამთავრობო გადაადგილების ბოლო ეტაპის შედეგად რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მათ შორის იყო პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ბენ ალის მთავრობის ყოფილი წევრი მოჰამედ ღანუჩი.

ტუნისის დროებითმა პრეზიდენტმა ფუად მებაზაამ განაცხადა, რომ ივლისში გაიმართება არჩევნები, რომელშიც ხალხს საბჭოს არჩევის უფლება მიეცემა. სახალხო საბჭო შემდგომში ახალ კონსტიტუციას დაწერს, რის შემდეგაც საყოველთაო არჩევნების თარიღი დაინიშნება.

სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ბატონმა მებაზაამ განაცხადა, რომ ტუნისში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო, რაც სახელმწიფოებრიობის ახალი მოდელის შექმნას გულისხმობს.

მაგრამ ახალი სახელმწიფოებრიობის სისტემა მოკლევადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში ტუნისელებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

26 წლის სტუდენტი იბტისემ საბრი აღნიშნავს, რომ მას სურს, რომ არმიამ ძალაუფლება შეინარჩუნოს ვიდრე ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები გაიმართება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა სამხედრო სისტემის ხელში სათანადოდ დაცული იქნება,“ აღნიშნა საბრიმ.

სხვა ტუნისელი სტუდენტი აქტივისტი სახელად იეფა განსხვავებულ მოსაზრებას გვთავაზობს. იეფას სურს, რომ ტუნისს კომუნისტური მთავრობა ჰყავდეს.

ამასობაში დესტაბილიზაცია გრძელდება, რაც ბევრ ტუნისელს აშფოთებს, ტუნისელი ადამინთა უფლებების დამცველი ხადიჯა ჩერიფის ჩათვლით. ჩერიფი შიშობს, რომ ძველი რეჟიმის მომხრეებს მოსახლეობაში პანიკის გავრცელება სურთ. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ღანუჩიმ განაცხადა, რომ გამოაშკარავდა კონტრ-რევოლუციური „შეთქმულება“ და რომ შედეგად ათობით ეჭვმიტანილი პირი დააპატიმრეს.

ტუნისის ეკონომიკა კვლავინდებურად რთულ მდგომარეობაშია. აღსანიშნავია, რომ სახალხო რევოლუციას გაფიცვებმა და უმუშევრობის მაღალმა მაჩვენებლმა შეუწყო ხელი. ახლა სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შესძლეს პრეზიდენტმა ბენ ალიმ და მისმა ოჯახის წევრებმა მილიარდობით დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების მითვისება.

ვითარებას ართულებს ათასობით ლტოლვილი, რომლებიც მეზობელ ლიბიაში მძვინვარე სამოქალაქო ომს თავს აღწევენ. გასულ კვირას პარიზში მდებარე საერთაშორისო დავალიანების შემფასებელმა ფირმა „ფიტჩ რეიტინგსმა“ ტუნისის გრძელვადიანი დავალიანების რეიტინგი მიმდინარე დესტაბილიზაციის გამო დააქვეითა.

XS
SM
MD
LG