ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ორმაგი გამოწვევა: დემოკრატები და რესპუბლიკელი მემარჯვენეები


"გალოპის" კვლევაში ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 35 პროცენტი უჭერს მხარს, რაც ახალი პრეზიდენტისათვის დაბალი მაჩვენებელია. პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონის ვერშემდგარი გაუქმებისა და ჩანაცვლების შემდეგ, ტრამპი პოზიციების გამაგრებას ცდილობს. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, პრეზიდენტმა ოპონენტებთან ურთიერთობების გადატვირთვა უნდა სცადოს.

როდესაც ახალი ენერგია სჭირდება, დონალდ ტრამპს საარჩევნო კამპანიის სათავეებთან დაბრუნება უყვარს. ცოტა ხნის წინ, ის კენტაუკის შტატის ქალაქ ლუისვილში გაემგზავრა და მხარდამჭერებს შეხვდა.

“ვაშინგტონში ფესვგადგმული ინტერესთა ჯგუფები ყველაფერს იღონებენ, რათა მოშლილი სისტემა ხელუხლებელი დარჩეს, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან დიადი ამერიკული მემკვიდრეობა ჩვენ მხარეზეა."

მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელთა შიდა დაპირისპირების გამო ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმება და ჩანაცვლება ვერ მოახერხა, ტრამპი ვითარების გამოსწორებას ცდილობს.

ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მცირე ხანია გასული. ამის მიუხედავად, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარ ბილ გალსტონს მიაჩნია, რომ შესაძლოა, პოლიტიკისა და სამოქმედო სტრატეგიის გადახედვის დრო იყოს.

“მან მნიშვნელოვანი მარცხი იწვნია. მარცხმა ის, შესაძლოა, დააფიქროს და საპრეზიდენტო კურსის შეცვლა გადააწყვეტინოს. შესაცვლელია სტრატეგია და ტაქტიკა და შესაძლოა, მთელი მიმართულებაც კი."

“ის ვერ გარდაიქმნა პრეზიდენტად, ისე, როგორც ხალხი ელის ხოლმე არჩეული კანდიდატისაგან. ვფიქრობ, ეს პრობლემაა."
ჯებ ბუში

კრიტიკოსებს სურთ, ტრამპი უფრო პრეზიდენტური იყოს და ზურგი შეაქციოს ტვიტერით გატაცებას. ამ აზრს ეთანხმება მისი ყოფილი კონკურენტი ჯებ ბუში.

“ის ვერ გარდაიქმნა პრეზიდენტად, ისე, როგორც ხალხი ელის ხოლმე არჩეული კანდიდატისაგან. ვფიქრობ, ეს პრობლემაა."

ოპოზიციონერმა დემოკრატებმა, მათ შორის, ტრამპის კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა, ჯანდაცვის ფრონტზე პრეზიდენტის მარცხის შემდეგ ძალა იგრძნეს.

“ჯანდაცვის [ახალი] კატასტროფული კანონის ჩავარდნა ყველა ამერიკელის გამარჯვება იყო."

ჯანდაცვის კანონის გარშემო ატეხილმა ხმაურმა ნათელი გახადა, რომ ტრამპს თავისივე პარტიის კონსერვატორი წევრების დაყოლიება არ შეუძლია, ამბობს რესპუბლიკელი სტრატეგი ჯონ ფიჰერი.

პრეზიდენტი არაა დიქტატორი და არც - მეფე. როდესაც ის იტყვის "ახტით", კონგრესის ლიდერები არ ჰკითხავენ, "სადამდე?
ჯონ ფიჰერი

“ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა შეისწავლოს, თუ რა ძალაუფლება გააჩნია და ამავე დროს, თუ სად მთავრდება ის. პრეზიდენტი არაა დიქტატორი და არც - მეფე. ამიტომ როდესაც იტყვის "ახტით", კონგრესის ლიდერები არ ჰკითხავენ, "სადამდე?" ისინი ჰკითხავენ, "რატომ?"

პრეზიდენტებს, რომელთაც საკანონმდებლო წარმატებებს მიაღწიეს, პრეზიდენტობის დასაწყისში რთული გზის გავლა უწევდათ. ასე იყო ფრანკლინ რუზველტის, ჯონ კენედის, რონალდ რეიგანისა და ბარაკ ობამას შემთხვევაში.

ამჯერად ყურადღების ცენტრშია დონალდ ტრამპი. საკითხავია, შეუძლია თუ არა მას საკუთარ შეცდომებზე სწავლა.

“საკითხი ასე არ დგას, ახლად არჩეული პრეზიდენტები აღჭურვილნი არიან თუ არა სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევებით, რადგან ახალი პრეზიდენტების უმრავლესობას ეს ჩვევები არ გააჩნია. საკითხავი ისაა, აქვთ თუ არა მათ უნარი, დასაწყისში დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და აღებული მიმართულება შეცვალონ."

მიმომხილველები ამბობენ, რომ წინამორბედთა უმეტესობის მსგავსად, პრეზიდენტ ტრამპს ჯერაც არ გაუვლია საპრეზიდენტო კანდიდატიდან უმაღლეს მთავარსარდლობამდე გარდამავალი პერიოდი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG