ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და დიდი შვიდეულის შეთანხმებები


წინააღმდეგობებით სავსე უმაღლესი დონის შეხვედრაზე, სადაც შეერთებული შტატები მოკავშირეებს ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა მხარი დაეჭირა დიდი შვიდეულის რამდენიმე ინიციატივისთვის.

ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა კონსენსუსის მქონე რამდენიმე დოკუმენტს, კერძოდ სქესთა თანასწორობის, აფრიკასთან პარტნიორობის და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროებში.

შეერთებული შტატები არ შეუერთდა დიდი შვიდეულის მხრიდან ბრაზილიის მთავრობისთვის 20 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შეთავაზებას, რომელიც ამაზონის ხანძართან საბრძოლველად უნდა მიმართულიყო.

ტრამპმა ოკეანეების, კლიმატის და ბიო მრავალფეროვნების თემაზე სამუშაო სესიებიც გამოტოვა, თუმცა მისმა ადმინისტრაციამ ბიო მრავალფეროვნებაზე "მეცის ქარტიას" ხელი მოაწერა.

ტრამპის ადმინისტრაცია გარემოს დაცვითი რეგულაციების გაუქმების ათობით მცდელობას მიმართავს, რასაც წინა ადმინისტრაციების მიერ გამონაბოლქვის შემცირების და კლიმატის ცვლილების თაობაზე ძალისხმევის ძირის გამოთხრა შეუძლია.

შეერთებულ შტატებსა და დიდ შვიდეულს შორის ურთიერთგაგების ყველაზე შესამჩნევი სფერო სქესთა თანასწორობაა.

ადმინისტრაციამ, სქესთა თანასწორობის და ქალების გაძლიერების შესახებ შეხვედრის დეკლარაციას მხარი დაუჭირა.

მხარი დაუჭირა ასევე სქესთა თანასწორობის საკითხზე "ბიარიცის პარტნიორობას."

სქესთა თანასწორობის პარტნიორობას რაც შეეხება, ტრამპის ადმინისტრაცია მიანიშნებს საკუთარ ინიციატივაზე, რომელსაც პრეზიდენტის ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპი უძღვება. ამ პროექტს ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა ეწოდება და მიზნად ისახავს, 2025 წლისთვის, განვითარებად ქვეყნებში 50 მილიონი ქალი ეკონომიურად გააძლიეროს.

ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა განმარტა, რომ ამ ინიციატივის ყურაღების ცენტრში ეკონომიური გაძლიერება და ამ კუთხით ხელშესახები შედეგების მიღებაა. ამ ინიციატივას განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის მნიშვნელოვან საკითხებთან ღრმა შეხება არ აქვს.

ადმინისტრაცია დიდი შვიდეულის სხვა ლიდერებს „საჰელის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში" და "აფრიკის პარტნიორობის ბიარიცის დეკლარაციას" შეუერთდა. თუმცა მიაჩნიათ, რომ ადმინისტრაციას აფრიკის მიმართ ზოგადი ინტერესი ნაკლებად აქვს.

2018 წელს, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, ჯონ ბოლტონმა გაახმოვანა აფრიკის მიმართ ადმინისტრაციის სტრატეგია, რომელიც თავდაპირველად ჩინური გავლენის საპირწონედ იყო წარმოდგენილი. ახლა, სტრატეგია წარმოდგენილია, როგორც აფრიკელ ლიდერებთან და მეწარმეებთან, პეკინის მოხსენიების გარეშე დაკავშირება, რადგან ბევრი აფრიკელი ფიქრობდა, რომ გეგმა არა აფრიკას, არამედ ჩინეთს შეეხებოდა.

დიდი შვიდეულის განცხადებები იურიდიულად სავალდებულო შესრულებას არ ექვემდებარება, მაგრამ გლობალურ მმართველობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. გასულ წელს, დიდი შვიდეულის კანადაში შეხვედრამ ერთობლივი კომუნიკე გამოსცა, რომელსაც ტრამპი გამოეთიშა. ამის გათვალისწინებით, ამ წლის სხვადასხვა განცხადებები, კონსენსუსის კუთხით, გარკვეულ პროგრესზე მიანიშნებს და შესაბამისად, გლობალური გავლენაც ექნება.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG