ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტროპიკული შტორმი ისააკის მარშრუტი


ტროპიკული შტორმმა ისააკმა ადამიანების ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰაიტიში გამოიწვია

ამერიკის ქარიშხლების ცენტრი ყურადღებით აკვირდება ტროპიკული შტორმი ისააკის განვითარებას და მის სავარაუდო მარშრუტს.

შტორმი ატლანტის ოკეანეში დაიწყო და ხმელეთზე პირველი შეხება კუბის სანაპიროზე გუშინ საღამოს ჰქონდა. კუბის აღმოსავლეთ ნაწილში შტორმი ორად გაიყო და კუნძულს მნიშნველოვანი ზიანი მიაყენა. ათობით ათასმა ადამიანმა ღამე ქარიშხლების თავშესაფარში გაატარა.

„დიდი ტალღა წამოვიდა და ერთი დარტყმით ეს ორივე კედელი დაანგრია. ჩემი და ჩემი ბიძაშვილის სახლი თითქმის ბოლომდე დაინგრა. ახლა ვცდილობთ ნანგრევებიდან ღირებული ნივთები მაინც გამოვიტანოთ.“

ტროპიკული შტორმმა ისააკმა ადამიანების ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰაიტიში გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით იქ ოთხი ადამიანია დაღუპული. ჰაიტიში ჯერ ისევ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც მოსახლეობის უმრავლესობა მუდმივი საცხოვრებლისა და უსაფრთხო თავშესაფარის გარეშე დატოვა.

ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ ჯერ ისევ კარვებში ცხოვრობენ, ყველაზე დაუცველი აღმოჩნდენენ.

„ჩვენ ბანაკში ვცხოვრობთ, თითქმის ყველას პატარა ბავშვი ჰყავს. ძალიან ძნელია ასე ცხოვრება. შტორმის დროს ყველას გვეღვიძა. ბავშვებიც გავაღვიძეთ და მთელი ღამე ფხიზლად გავატარეთ. წასასვლელი არსად გვაქვს. მინდა პრეზიდენტ მარტელის ვთხოვო, რომ დაგვეხმაროს. მე ხმა მას მივეცი. საკმარისი საჭმელი არ გვაქვს და არჩევნებზეც მშიერი წავედი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება და მალე ნორმალური ცხოვრება გვექნება,“ ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ჰაიტიში ბევრს ეშინია, რომ ისააკის შედეგად დაწყებული წყალდიდობა ქოლერის ეპიდემიას გამოიწვევს. მსგავსი შემთხვევა 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ მოხდა, როცა სანიტარიის დაბალმა ხარისხმა და სამედიცინო მომსახურების ნაკლებობამ ქვეყანაში ქოლერის ეკიდემია გამოიწვია, რომელსაც 7000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეერთებულ შტატებში ისააკს კვირა საღამოს ელოდებიან. სავარაუდოდ, შტორმი მექსიკის ყურიდან შემოვა და ფლორიდის შტატის დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ტამპას დაატყდება თავს. ტამპაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი. ყრილობა წინასაპრეზიდენტო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია და სწორედ ამ ყრილობაზე გააკეთებს რესპუბლიკური პარტია საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის ოფიციალურ ნომინაციას.

ჯიმ დალასი ყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორია:

„ტამპა მზადაა შტორმისთვის. ძალიან კარგად აწყობილი საგანგებო სიტუაციების გეგმა გვაქვს. ტროპიკული ქარიშხლები აქ ყოველთვის ხდება, ზოგი მათგანი ძლიერი, ზოგი არა. მაგრამ ჩვენ ყველფრისთვის და ყოველთვის მზად ვართ.“

მიუხედავად მზადყოფნისა, რესპუბლიკურმა პარტიამ ოთხ დღიანი ყრილობის დაწყების თარიღი 27 აგვისტოდან 28-ზე გადაიტანა მონაწილეების შესაძლო საფრთხეებისგან დასაცავად. ყრილობა 4 დღეს გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG