ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, მაშინ როდესაც გაეროს მანდატით უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ლიბიაში არასაფრენი ზონის დამყარების საბაბით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის ალან ჟუპეს განცხადებით კოალიციური ძალების საჰაერო დარტყმები პირველ რიგში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ არის მიმართული და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად.
მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა:“ ყველაფერი კადაფის და მისი გარემოცვის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მათ უნდა შეწყვიტონ ბრძოლა, ჯარები გაიყვანონ ქალაქებიდან და იფიქრონ ძალაუფლების გადაცემაზე, როდესაც პოლკოვნიკი კადაფი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება.“
ამასობაში მუამარ კადაფის ერთგული სამხედროები აგრძელებენ ქალაქ მისრატას დაბომბვას და სნაიპერები მშვიდობიან მოსახლეობაზე ნადირობენ.
როგორც ბრიტანელი სამხედროები აცხადებენ მოკავშირეთა ძალებმა ლიბიის ცაში უპირატესობა მოიპოვეს და კადაფის სამხედრო-საჰაერო ძალები მთლიანად გაანადგურეს.