ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჭრილთა გადარჩენის შანსი იზრდება


trauma care center
trauma care center

ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში პაციენტის გადარჩენის შანსი ამერიკაში 25 პროცენტით გაიზარდა

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრავმატოლოგიური ცენტრი ლოს ანჯელესის სამხრეთ კალიფორნიის საუნივერსიტეტო კლინიკაში მდებარეობს. ექიმების მულტი-დისციპლინარული გუნდი 60 წლის მამაკაცის გადარჩენას ცდილობს. ქირურგ პეპ ტალვინის თქმით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.

„მაღაზიას კეტავდა, როცა თავს დაესხნენ. ბასრი იარაღით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნება: გულმკერდის, მუცლის და კისრის არეში“ - ყვება ექიმი.

დაშავებულის მიყვანისთანავე მორიგე გუნდის მობილიზება სულ რამდენიმე წუთში ხდება.

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გუნდის ყველა წევრი შეტყობინებიდან ზუსტად 5 წუთში უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ადგილზე უნდა დახვდნენ. თითოეულ მათგანს სრულიად განსხვავებული ფუნქცია აკისრია“.

დიმიტრიოს დიმიტრიადესი ტრავმატოლოგიური მომსახურების დირექტორია. მისი თქმით, აღნიშნული მეთოდოლოგიის წყალობით ჭრილობით დაღუპულთა რიცხვი 2 პროცენტით შემცირდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია. დიდ როლს ასრულებს პირველადი სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, რომელიც შემთხვევის ადგილზე პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზირებას ცდილობს და ის კლინიკაში მიყავს.

„დრო არ უნდა დაიკარგოს პაციენტის მკურნალობაში. აუცილებელია მისი რაც შეიძლება ოპერატიულად სასწრაფო დახმარების მანქანაში მოთავსება და დაუყოვნებლივ ტრავმატოლოგიურ ცენტრში მიყვანა“ - ამბობს ექიმი დიმიტრიადესი.

„განსაკუთრებით - გამჭოლი ჭრილობის შემთხვევაში. თუკი პაციენტს, მაგალითად, სისხლძარღვოვანი დაზიანება აქვს გულ-მკერდის არეში, მაშინ ქირურგიული ჩარევის გარდა, სხვა არაფერი უშველის“ - დასძენს ქირურგი პეპ ტალვინი.

60 წლის მამაკაცს ზუსტად ამ ტიპის ჭრილობები აქვს მიყენებული. შინაგანი სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგ ტალვინს გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მოუწია. 2 კვირის წინ 18 წლის ხუან გალიარდო სწორედ ამ მეთოდოლოგიების წყალობით გადარჩა.

„პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები გულში და ფილტვში აღენიშნებოდა. 20 წლის წინ მას უიმედოდ ჩათვლიდნენ, რადგან გადარჩენის არანაირი შანსი არ გააჩნდა“ - ყვება ექიმი დიმიტრიადესი.

ჭრილობის მიყენებიდან ზუსტად 2 კვირაში ის სახლში გაწერეს.

სკოლაში დავბრუნდები, მერე ეკლესიაში წავალ“ - ამობობს ხუანი.

კიდევ რამდენიმე ცვლილება: მუცლის არეში დაჭრილ პაციენტებს ოპერაციას „შერჩევითად“ უკეთებენ, იმის მიხედვით, დაზიანებულია თუ არა სასიცოცხლო ორგანოები. ამით ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკიც მცირდება.

ერაყის და ავღანეთის საომარ ზონებში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიცვალა დაჭრილებისთვის დიდი რაოდენობით სითხის გადასხმის მეთოდიც.

სისხლის პროდუქტებს ვუსხამთ. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სხვა სახის გადასხმები მინიმუმზე დავიყვანეთ და ამით ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ“ - აღნიშნავს ექიმი დიმიტრიადესი.

წარმატებაში ის ისეთ დრამატულ მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა: ტრავმატოლოგიურ განყოფილებებში პაციენტის გადარჩენის შანსი შეერთებულ შტატებში 25 პროცენტით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG