ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ტილერსონის შესაძლო გადადგომაზე საუბრობენ


ვაშინგტონში სულ უფრო მეტს საუბრობენ თანამდებობიდან სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ.

ორშაბათს სახელწმიფო მდივანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. მოგვიანებით პენსი გაეროში შეერთებული შტატების ელჩს, ნიკი ჰეილის შეხვდა. ამ შეხვედრების თანმიმდევრობამ თეთრი სახლის დამკვირვებლებს აფიქრებინა, რომ ტილერსონს სწორედ ჰეილი ჩაანაცვლებს.

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ კვირის გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ტილერსონს შარლოტსვილის მოვლენებზე ტრამპის რეაგირებაზე ჰკითხეს. პრეზიდენტმა მაშინ არეულობაში „ყველა მხარე“ დაადანაშაულა, რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს. გადაცემის წამყვანმა ქრის უოლესმა ტილერსონს ჰკითხა, ასახავდა თუ არა პრეზიდენტის გამოხმაურება ქვეყნის ღირებულებებს.

„არ მგონია ვინმე ეჭვქვეშ აყენებდეს ამერიკელი ხალხის ღირებულებებს ან ამერიკის მთავრობის ძალისხმევას დაიცვას ეს ღირებულებები,“ უპასუხა ტილერსონმა კითხვას. ჟურნალისტმა კითხვა გაიმეორა და სახელმწიფო მდივანს პრეზიდენტ ტრამპის ღირებულებებზე ჰკითხა, რაზეც ტილერსონის პასუხი იყო, რომ „პრეზიდენტი თავის სათქმელს თვითონ ამბობს.“

ორშაბათს ტილერსონის ასისტენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის ეს პასუხი, ტრამპისადმი კრიტიკას არ ნიშნავდა.

“ღირებულებები იწყება კონსტიტუციით, პრეზიდენტის საქმეა დაიცვას ეს ღირებულებები. იყო თუ არა პრეზიდენტის რეაქცია საუკეთესო? არა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა იცვლება,” განაცხადა ტილერსონის ასისტენტმა. მანვე დასძნა, რომ პრეზიდენტი თავის სათქმელს ამბობს, კონსტიტუცია კი ქვეყნისას.

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი თომას უელენი კი ამბობს, რომ ამ განცხადებაში ჩანს „ტრამპის ავტორიტარული პრეზიდენტობის აბუჩად აგდება.“

საინფორმაციო ვებ-გვერდ „ქსიოს“ ცნობით, ტრამპი ტილერსონის ავღანეთის ხედვითაც უკმაყოფილოა. სააგენტოს ინფორმაციით პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის შეხედულებები არ ემთხვევა ისეთ თემებზე როგორიცაა დაძაბულობა ყატარში და სანქციები ვენესუელის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG