ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი ევროპას ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას დაპირდა


საშაბათს, ბრიუსელში მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.
"ამერიკისა და ევროპის კავშირის თანამშრომლობას, მოგეხსენებათ, დიდი ისტორია აქვს. ის საერთო ღირებულებებს, უსაფრთხოების საერთო ამოცანებსა და ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ეკონომიკური კეთილდღეობის სურვილს ეფუძნება," აღნიშნა ტილერსონმა ფედერიკა მოგერინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს კომისართან შეხვედრისას ირანის ბირთვული შეთანხმება, ჩრდილოეთ კორეის საფრთხე და კონტრტერორიზმის სფეროში თანამშრომლობა განიხილა.
"ჩვენი საერთო ამოცანა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია. "ისლამური სახელმწიფო" უნდა დავამარცხოთ არა მარტო სირიასა და ერაყში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვხედავთ, რომ სირიასა და ერაყში ისლამური სახალიფოს ტერორი დასასრულს უახლოვდება," თქვა ტილერსონმა.
ირანის ბირთვულ შთანხმებაზე საუბრისას სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძალისხმევით, თეირანი ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს, მაგრამ ამავე დროს, აგრძელებს სხვა სახის აქტივობებს, რომელიც რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს.
"ვიცით, რომ ირანი სირიის კონფლიქტის ზონაში იარაღსა და მებრძოლებს გზავნის და კვლავ ეხმარება ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰეზბოლას". ირანის ამ ქმედებებზე თვალს ვერ დავხუჭავთ და ვერც უპასუხოდ დავტოვებთ. ირანმა უნდა გაიგოს, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია," დასძინა ტილერსონმა.
მოგერინიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების შესასრულებლად ევროპის კავშირი ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.
"თავიდანვე გადაწყდა, რომ ბირთვული შეთანხმება მხოლოდ ბირთვული თემით შემოიფარგლებოდა. გონივრული არ იქნებოდა, ჩაგვეშალა შეთანხმება, რომელსაც გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ცნობით, მხარეები განუხრელად იცავენ," თქვა მოგერინიმ.
ტილერსონის ევროპაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი სახელმწიფო მდივნად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელის, მაიკ პომპეოს დანიშვნას აპირებდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ტვიტერში დაწერა, რომ უახლოეს მომავალში ტილერსონის შეცვლას არ გეგმავს. თავად ტილერსონმა ცნობებს მისი შესაძლო დათხოვნის შესახებ "სასაცილო" უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG