ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასს ამერიკიდან გამოყოფა სურს?


ფოტოზე (ცენტრში): ტეხასის გუბერნატორი, რიკ პერი
ფოტოზე (ცენტრში): ტეხასის გუბერნატორი, რიკ პერი

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე შტატმა თეთრ სახლს პეტიცია გაუგზავნა ქვეყნიდან გამოყოფის მოთხოვნით. ყველაზე მეტი ხელმოწერა ტეხასიდან გაგზავნილ პეტიციას ჰქონდა

ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ტეხასური ნეკნები ყველაზე პოპულარული კერძი, შეერთებული შტატებიდან გამოყოფა კი ყველაზე პოპულარული განხილვის თემაა.

ტეხასის ნაციონალისტური მოძრაობა შტატის დამოუკიდებლობის მომხრეა, თუმცა თეთრ სახლში პეტიციის გაგზავნის იდეა მას არ ეკუთვნის. მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი კერი ვაიზი ამბობს, რომ ტეხასელებს სამთავრობო ვალები აშფოთებთ:

„როდესაც ფედერალური მთავრობა ვალს თავს ვეღარ ართმევს, ის ძალაუნებურად შტატებს გადაეცემა - მხოლოდ ტეხასს კი არა - ყველა შტატს.“

ზოგიერთი ტეხასელი მთავრობის ზედმეტ უფლებებზეც საუბრობს. მაგრამ ტეხასელების უმრავლესობა ქვეყნიდან გამოყოფის წინააღმდეგია:

„მე ამ პეტიციას ხელს არ მოვაწერდი.“

„რას ამბობთ, ეგ ხომ სასაცილოა.“

„არ მგონია საკმარისი რესურსი გვქონდეს იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვიყოთ.“

პეტიცია, რომელიც ტეხასის დამოუკიდებლობას ითხოვს ერთ-ერთი იმ მოთხოვნათაგანია, რომელიც თეთრი სახლის ვებ გვერდზე პრეზიდენტ ობამას არჩევისთანავე გაიგზავნა.

კავშირიდან გამოყოფის მომხრეები ძირითადად იმ შტატების მოსახლეობაა, რომლებმაც ობამას რესპუბლიკელ მეტოქე მიტ რომნის მისცეს ხმა. გარდა ამისა, ეს ის შტატებია, რომლებიც ტეხასის მსგავსად, შტატების კავშირს უკვე გამოეყვნენ ერთხელ, რასაც ამერიკის სამოქალაქო ომი მოჰყვა.

პეტიციაში ობამას მეორე ვადით არჩევა გამოყოფის მიზეზად დასახელებული არ არის. მაგრამ დოკუმენტი, რომელსაც 115 ათასი ადამიანი აწერს ხელს ამბობს, რომ ფედერალური მთავრობა იმაზე მეტ უფლებებს აძლევს საკუთარ თავს, ვიდრე ეკუთვნის.

ჰიუსტონის რაისის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორს, მარკ ჯოუნსს ეჭვი ეპარება იმასი, რომ ტეხასი ოდესმე გამოეყოფა ამერიკას:

„ეს უფრო პოლიტკური თეატრია, ვიდრე რეალობა. მოძრაობას არ ჰყავს არცერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ მხარს აუბამს.“

ჯოუნსი ამბობს, რომ ხელმოწერების რაოდენობა პეტიციაზე მინიმალურია შტატის 25 მილიონიანი მოსახლეობის გათვალისწინებით.

„პეტიცია ერთ-ერთმა სტუდენტმა ხუმრობის სახით დაიწყო. გარდა ამისა, ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც პეტიციას ხელს აწერს ტეხასელი არც კი არის.“

ეს იმიტომ, რომ თეთრი სახლის ვებგვერდზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს და ნებისმიერ პეტიციას მოაწეროს ხელი.

ნაციონალისტების ტეხასური ბარბექიუს სადილს 20-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათი ნაწილი, როგორც მაგალითად ჯინა, მხოლოდ მოსასმენად მივიდა:

არ მგონია, რომ დამოუკიდებლობა რეალური შესაძლებლობა იყოს ან მისი მიღწევა პრაქტიკულად შეიძლებოდეს. თუმცა ის ვიცი, რომ თუ რომელიმე შტატს ქვეყნიდან გამოყოფა შეუძლია, ეს ტეხასის შტატია. “

ტეხასელი პროფესორი ამბობს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერა საზოგადოების მხრიდან იმედგაცრუების გამოხატვის ერთ-ერთი მეთოდია.
XS
SM
MD
LG