ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ალ-შაბაბმა" სომალიში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო


ისლამისტურმა დაჯგუფებამ "ალ-შაბაბმა" სომალიში მომხდარ ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, მათმა მებრძოლმა სომალის ნახევრად ავტონომიურ რეგიონში, პუნტლანდში, დუბაის საკუთრებაში მყოფი პორტის მენეჯერი მოკლა. თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა.

მოჰამად დაჰირმა, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, საფრანგეთის პრესის სააგენტოს (AFP) განუცხადა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა პოლ ანტონი ფორმოსა, მშენებლობის პროექტის მენეჯერი, მოკლა. „დაცვის თანამშრომლებმა მკვლელი ადგილზე გაანეიტრალეს“, -თქვა მან. ისლამისტურმა დაჯგუფებამ „როიტერს“ განუცხადა, რომ ის მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს.

„ჩვენ ის გავაფრთხილეთ, თუმცა მან ყური არ გვათხოვა. ის სომალიში არალეგალურად იმყოფებოდა“, - განუცხადა ალ-შაბაბის პრესსპიკერმა აბდიასის აბუ მუსაბმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“.

დაჯგუფების მიხედვით, თავდასხმა მათი „ოპერაციის ნაწილია, რომლის სამიზნეშიც სომალის რესურსების მძარცველი მაროდიორი კომპანიებია".

კომპანია "დიპი ვორდს" ბოსასოს პორტის აშენების 30 წლიანი კონტრაქტი აქვს. კონტრაქტის ღირებულება, სააგენტო "ასოშეითიდ პრესის" ინფორმაციით, 336 მილიონი დოლარია.

ორშაბათს, ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმა მიიტანა ასევე სომალის დედაქალაქზე, მოგადიშუზე. აფეთქებამ ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, ტერორისტებმა სავაჭრო ცენტრთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივი სამართალდამცავის თქმით, თავდასხმის მიზანი „უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების“ მკვლელობა იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG