ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაის სმის მოძრაობის გავლენა ამერიკის პოლიტიკაზე


ჩაის სმის მოძრაობის გავლენა ამერიკის პოლიტიკაზე

2009 წელს ძირითადად რესპუბლიკელებისგან შემდგარმა ეგრედ წოდებულმა „ჩაის სმის მოძრაობამ“ ვაშინგტონში ათობით ათას დემონსტრანტს მოუყარა თავი. ამ ორი წლის მანძილზე მოძრაობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღეს ის წინასაპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მოსახლეობის ფართო მასებზე დიდი გავლენის მიუხედავად სპეციალისტები თვლიან, რომ მოძრაობა არ არის კარგად ორგანიზებული და მას ცენტრალიზებული მართვის სისტემა არ გააჩნია.

პოპულისტურმა მოძრაობამ დემონსტრაციებზე ადამიანთა ისეთ კატეგორიას მოუყარა თავი, რომელსაც პოლიტიკა ადრე არასოდეს აინტერესებდა. მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა და სოციალურმა პრობლემებმა ისინი აიძულა ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ სისტემაში უფრო ღრმად ჩაეხედათ.

ქალბატონი აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში ეს პირველი დემონსტრაციაა. „დავიღალეთ ფედერალური მთავრობის ჩარევით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღარ გვინდა გადასახადების მუდმივი ზრდა და კარნახი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ“- ამბობს ის.

„ჩაის სმის მოძრაობის“ მომხრეები ძირითადად საშუალო კლასის თეთრკანიანი ამერიკელები არიან. მათი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი წინასაპრეზიდენტო არჩევნებზე შავკანიანი ჯორჯიელი ბიზნესმენი ჰერმან კეინია. ფერადკანიან დემონსტრანტებს „ჩაის სმის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე ძალზე იშვიათად ნახავთ. და თუკი რამდენიმე მათგანს გადააწყდებით, ისინი, როგორც წესი, ყველაზე ხმაურიანები არიან.

ჩვენ თანამოქალაქეებს კეთილდღეობის და კაპიტალიზმის ზეიმი უნდა ვასწავლოთ, რადგან ის სიღარიბიდან ერთადერთი რეალური გამოსავალია“.

ეს ანიტა მონკრიფია, „ჩაის სმის მოძრაობის“ ერთ-ერთი ფერადკანიანი ორგანიზატორი. ანიტა ადრე პრეზიდენტ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო, მაგრამ ახლა აცხადებს, რომ მთავრობის სოციალური პროგრამები აღარ მოსწონს და ამიტომ პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა.

ემი ლონგი, მოძრაობის ასევე აქტიური მონაწილე ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ მოსწონს სოციალური პროგრამები, მაგრამ ახლა მათი დრო არ არის. „დღეს ისეთი კანდიდატი გვჭირდება, რომელიც ვალებიდან ამოგვიყვანს და სიტუაციას გამოასწორებს“. - ამბობს ის.

რაისის უნივერსიტეტის პროფესორი -მარკ ჯონსი- თვლის, რომ „ჩაის სმის მოძრაობამ“ რესპუბლიკური პარტიის ნომინანტები ერთგვარ ჩარჩოებში მოაქცია. ისინი ვალდებულნი არიან ანგარიში გაუწიონ პოპულისტური მოძრაობის მთავარ პრინციპებს, რადგან მათ ელექტორატში უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ:

ჩაის სმის“ ჯგუფებს იმდენად გამოკვეთილი პოზიცია აქვთ და მობილიზების ისეთი უნარი, რომ ცენტრისტი რესპუბლიკელებიც კი ფრთხილობენ და მათ შეხედულებებს ანგარიშს უწევენ. ეს ყოველივე დემოკრატებს აწყობთ კიდეც. ზომიერი პოზიციის მქონე ამომრჩევლის გადასაბირებლად მოძრაობა პრეზიდენტ ობამას ძლიერ კარტს აძლევს ხელში: მას შეუძლია განაცხადოს, რომ რესპუბლიკელი ექსტრემისტები „ჩაის სმის მოძრაობის“ შიშით ეკონომიკის გაუმჯობესების ყველა ნაბიჯს ბლოკავენ“ - აღნიშნავს პროფესორი ჯონსი.

უახლესი საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით ამერიკელები ყველაზე მეტად ეკონომიკურ კრიზისზე და უმუშევრობაზე წუხან. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე მეტად დაარწმუნებს ამერიკის მოსახლეობას, რომ მას ძალუძს ეკონომიკური სტაგნაციის შეჩერება და უმუშევრობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

XS
SM
MD
LG