ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე, სააპელაციო სასამართლომ მელიას განაჩენი ძალაში დატოვა


დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე და ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდების თაობაზე. ნიკა მელია ოპოზიციონერი პარლამენტარია, რომელიც ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ნიკა მელიას რიგ შეზღუდვებს უწესებს. სასამართლომ პროკურატურას მისი ელექტრონული მონიტორინგი დაავალა, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს სპეციალურ სამეთვალყურეო სამაჯურს დაუმაგრებენ. მელიას დაცვის მხარე ამ შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა.

მანამდე, 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის გამო. ბრალის წაყენება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით მოხდა. დეპუტატი მელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ივლისის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ამასობაში, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციები თითქმის ორი კვირაა გრძელდება. ხელისუფლებამ დემონსტრანების ორი მთავარი მოთხოვნა მალევე დააკმაყოფილა: ჯერ პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძემ, შემდეგ კი გადაწყდა, რომ საქართველოში საარჩევნო რეფორმა განხორციელდება და საპარლამენტო არჩევნები მომავალში პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დემონსტრაციის მონაწილეები, მიტინგის მიუღებელი მეთოდებით დარბევის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასაც ითხოვენ. გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად, პარლამენტმა 2017 წლის 13 ნოემბრს დაამტკიცა.

დემონსტრაცია 20 ივნისს დაარბიეს. ინციდენტში 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG