ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარათონი საერთო მიზნების მისაღწევად


PRES. SAAKASHVILI'S RESIDENCE
PRES. SAAKASHVILI'S RESIDENCE

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ნინო დალაქიშვილი, თბილისი


ორშაბათი დღე პოლიტიკური პარტიების აქტივობებით აღინიშნა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მაჟრიტარები წარადგინა, „ახალმა მემარჯვენეებმა“ საარჩევნო პროგრამისა და სლოგანის პრეზენტაცია გამართეს, ლეიბორისტებმა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ურთიერთთანამშრომლობაში დაადანაშაულეს. „ქართულმა ოცნებამ“ კი, დიდგორობის დღესასწაულზე კოალიციის წევრებისთვის გზის დაბლოკვა გააპროტესტა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს: მთაწმინდა არჩილ გეგენავა, ვაკე გიორგი კარბელაშვილი, კრწანისი დავით საყვარელიძე, საბურთალო ანდრია ურუშაძე, ისანი გიორგი ვაშაძე, სამგორი მიხეილ მაჭავარიანი, დიდუბე გიორგი ჩაჩანიძე, ჩუღურეთი ანდრო ალავიძე, გლდანი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ნაძალადევი მერაბ სამადაშვილი.

გიგი უგულავამ წარდგენისას საკუთარ ტექსტში „ოცნების“ თემა წარსულისკენ დაბრუნებისა და ჩამორჩენილობის კონტექსტში ჩასვა.

გიგი უგულავა: „ჩვენი ამოცანაა, მეტი სარგებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რაც ნიშნავს გაუმჯობესებულ ჯანდაცვას, გაძლიერებულ სოფელს და დასაქმებულ თანამოქალაქეებს. ეს რთული, მაგრამ შესრულებადი ამოცანაა, როდესაც წინაპირობად უდევს ერთიანობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. გახსოვთ, როგორი იყო ჩვენი ქალაქი რვა წლის წინ? ჩვენ მოქალაქეებს არ უნდათ წარსულში დაბრუნება, წარსულში ოცნებას. ჩვენი ხალხი არ დაუშვებს აშენებულის დანგრევას.“

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში დასაქმებისა და განათლების აუცილებლობაზე საუბრობს და მისი პარტიის ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის აღორძინებას ასახელებს:

„შეძლებული ოჯახი ნიშნავს იმას, რომ ოჯახს უნდა ჰქონდეს შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარი თვეში და არა ისე, როგორც ვანო მერაბიშვილი დაპირდა ხალხს: ოთხ წელიწადში 1000 ლარი. ოჯახის ყველა წევრისთვის მისაწვდომი უნდა იყოს ჯანდაცვა, განათლება,“ – ამბობს გამყრელიძე.

„სახალხო კრების“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი გუშინ საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, რომლის თანახმად, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბურჯანაძემ ეს იმით ახსნა, რომ არ სურს ხელისუფლების ძირითადი ოპონენტისთვის ხმების წართმევა. „პარტიამ მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არ მივიღოთ მონაწილეობა 1 ოქტომბრის არჩევნებში. ეს არამც და არამც არ ნიშნავს არჩევნების ბოიკოტირებას. ჩვენი სურვილია, ხელი არ შევუწყოთ ერთმანეთისადმი ხმების წართმევას,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის ნაბიჯი პატრიოტული პოზიციის გამოხატულებად შეაფასა დღეს ბაღდათში მყოფმა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. „ნინო ბურჯანაძემ ამ განცხადებით დაამტიკიცა, რომ ის აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ის არის სახელმწიფოებრივი მოაზროვნე პოლიტიკოსი. ამის შემდგომ, ბევრ კითხვას, რომელიც ჩვენ მისი მისამართით გაგვაჩნდა, პასუხები გაეცა. ქალბატონი ნინოს პოზიცია აბსოლუტურად გასაგები და თუ გნებავთ პატრიოტულია და ამავდროულად, ძალიან ღირსეული,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლეიბორისტების მიერ გამართულ ბრიფინგზე დღეს კახა ძაგანიამ იმის თაობაზე ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის მშობლიურ რეგიონში მხოლოდ მისი დახმარებით იმარჯვებდა არჩევნებზე და იღებდა უპრეცენდენტოდ მაღალ მხარდაჭერას. „ეს ხალხი არის საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის ჩამომყალიბებლები და შემქმნელები,“ – განაცხადა ძაგანიამ.

საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი კვირა რჩება. თითქმის ყველა პარტია წინასაარჩევნო კამპანიას იდენტური პროგრამით აწარმოებს. პრიორიტეტები ასე გამოიყურება: უფასო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, განათლების ხელმისაწვდომობა და უმუშევრობის დაძლევა.
XS
SM
MD
LG