ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქმის სიყვარულმა ქართველ დიზაინერს აღიარება მოუტანა


თამარ ჩუბინიძე
თამარ ჩუბინიძე

ყველაფერი თამარ ჩუბინიძის კარგი ფეხსაცმლისადმი სიყვარულით დაიწყო. 1996 წელს, 15 წლის თბილისელი გოგონა ნიუ-იორკში მამასთან ერთად ჩამოვიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოლეჯში ბიზნეს-მენჯმენტის პროფესია შეისწავლა. პატარაობიდანვე სულ მუშაობდა, რომ საკუთარი ფული ჰქონოდა. ქალაქი, სადაც შეიძლება მსოფლიოს ყველაზე ახალი ან ნაკლებად ცნობილი დიზაინერის ნებისმიერი კოლექციის ჩასაცმელი ან ფეხსაცმელიც კი იშოვოთ, თამუნა ჩუბინიძისთვის ამ მხრივ საინტერესო ვერ აღმოჩნდა. ძველი თბილისური ჩვევა აქაც გამოყვა და ყოველ წელს თბილისში ფეხსაცმლის თუ ჩექმის შესაკერად ჩადიოდა. ასე გაჩნდა იდეა მეგობართან ერთად გაეკეთებინა საკუთარი კომპანია, რომელსაც "ტუფლი" დაარქვა. ბანკიდან სესხი ორმოცდაათ ათას დოლარამდე გამოიტანა, დაიქირავა ამერიკული პი-არ კომპანია, რომელმაც კომპანიის ლოგოიანი ბუკლეტები "ოსკარის" ცერემონიის დროს და სხვადასხვა ღონისძიებებზე დაარიგა, კლიენტებიც მალე გამოჩნდენ. თარგი, ზომების აღება ნიუ-იორკში, შეკერვა დამზადება კი თბილისში ხდებოდა. ეს ყველაფერი დიდი წვალება იყო ამბობს თამუნა: "ხან ხელოსანს არ ეცალა, რადგან ვიღაც უკვდებოდა, ხან თბილისიდან ნიუ-იორკში მომავალ ადამიანს ვერ ვპოულობდით, რომ დამზადებული ფეხსაცმელი ჩამოეტანა".

ამბავს, რომლითაც ალბათ უცხოეთში მომუშავე ნებისმიერი ქართველი დიზაინერი ეცდებოდა პოპულარობა შეეძინა და ეს ამბავი კომპანიის სავიზიტო ბარათად ექცია, თამარ ჩუბინიძე ძალიან თავმდაბლად ყვება:

თამარ ჩუბინიძე: "ზომებს ვუღებდი მე. დიახ სიუზან სარანდონის ფეხზე ამიღია ზომა. მისთვის ფეხსაცმლის მოძებნა პრობლემა არ იყო, უბრალოდ ის 4 სმ-ზე მაღალ ქუსლზე ვერ იცმევდა ფეხსაცმელს. მისთვის ჩვენი ფეხსაცმელი ამ დროს ძალიან მოსახერხებელი გამოდგა, რადგან ნებისმიერ მოდელს ვუკერავდით იმ თავის კალაპოტზე, რაც მისთვის იყო მნიშვნელოვანი."

კომპანია "ტუფლს" ფეხსაცმელი სიუზან სარანდონმა ვენეციის კინოფესტივალისთვის შეუკვეთა, თუმცა ინტერნეტში თამარ ჩუბინიძის კომპანიის მიერ დამზადებული ეს ფეხსაცმელი ოსკარის მფლობელ ვარსკვლავს სამ სხვადასხვა საღამოს კაბასთან ერთად სამ სხვადასხვა ღონისძიებაზე აცვია. "ტუფლის" წარმატება ამერიკაში კიდევ ერთი ცნობილი ოჯახის სახეს უკავშირდება.

თამარ ჩუბინიძე: "ჩვენთან ივანა ტრამპი უკვეთავდა ფეხსაცმელს. სასაცილო ის იყო, როცა თქვა, თუ როგორი არაჩვეულებრივი იდეა იყო შენი საკუთარი ფეხსაცმელების ხაზის ქონა. რაღაც წლები გავიდა და მართლაც, მან გააკეთა თავისი ხაზი და მე და ჩემი პარტნიორი ქეთი სულ ვიცინით ამაზე- რომ აი იდეა ივანკას ჩვენთან დაებადა."

"ტუფლში" დამზადებული ფეხსაცმლის ფასი 600 დოლარიდან იწყებოდა, შეკვეთების მიუხედავად იმდენად რთული იყო კომპანიის განვითარება რომ თამარ ჩუბინიძემ გადაწყვიტა ეს საქმე შეეწყვიტა და ამერიკული ფეხსაცმელების ბრენდ "ფაბკოში" დაეწყო მუშაობა. ცოტა ხანში, კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად მან ახალი კომპანია "სკაილერ ნიუ-იორკი" ჩამოაყალიბა.

თამარ ჩუბინიძე: "დავიწყეთ ამერიკაში მოდელების და დამზადებული პროდუქციის მასებისთვის განკუთვნილ მაღაზიებზე გაყიდვა. ჩვენს ფეხსაცმელებს ნახავდით "ჩარმინჩარლიში", "გესში", " ვოლმარტში", "ეიჩ-ენდ-ემში". აი ასეთ დიდ ბრენდებს ვუკეთებდით რასაც ჰქვია "პრაივიტ ლეიბელს" ანუ ჩვენს მოდელს წარვუდგენდით ინდივიდუალურად, მოწონების შემთხვევაში კი უკვე მასობრივ წარმოებაში ვუშვებდით ჩინეთში."

დღეს უკვე საქართველოში "სქაილერ ნიუ-იორკის" 14 მაღაზია მუშაობს. ბიზნესი ქართულ ბაზარზეა გათვლილი, ყველაზე მაღალი ფასი ამჟამად ჩექმას აქვს, რომელიც 139 დოლარი ღირს. სეზონურად ბავშვების ფეხსაცმელსაც სთავაზობენ მყიდველს, დაგეგმილია მამაკაცის ხაზის ამუშავებაც.

ყველაზე დიდი სტიმული მისთვის შვილებია, რომელთაც ნიუ-იორკში ზრდის. დიზაინერი ამბობს, რომ მისი წარმატება თავიდანვე სავარაუდოდ იმან განაპირობა, რომ მამამისს არასოდეს შეუზღუდავს.

თამარ ჩუბინიძე: "თხუთმეტი წლის ასაკში ამერიკაში კი არა, სადაც არ უნდა ჩახვიდე, გგონია რომ ზღვა შესაძლებლობები გაქვს, გინდა ამ ზღვაში თავით გადაეშვა და თვითონ გაცურო."

ამ ზღვაში უკვე იყო კუნძული "ტუფლი" და ახლა არის "სკაილერ ნიუ -იორკი" . თუმცა თამუნა ამბობს, რომ აუცილებლად იქნება რაიმე ახალი, რომელზეც ისევ შეგვხვდება და ფინჯან ყავაზე სიამოვნებით მოგვიყვება.

XS
SM
MD
LG