ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კილის დევნილთა ბანაკი


სირიიდან თურქეთში უკვე 27 ათასი დევნილია გადასული

ყოველდღიურად სირიიდან თურქეთის საზღვარს 300-ზე მეტი ადამიანი კვეთს. ისინი იმ ძალადობას გაურბიან, რომელიც სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის უკვე წელიწადზე მეტი გრძელდება. თურქეთის საზღვარზე დევნილებისთვის სპეციალური ბანაკია შექმნილი. კილის ბანაკში შექმნილ სიტუაციას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი იკვლევდა.
სირიის სამთავრობო ძალების ვერტმფრენი ამბოხებულების კონტროლირებად ტერიტორიას რაკეტებით ბომბავს. მინარეთის თავზე კი სნაიპერი ზის, რომელიც ცეცხლის უხსნის ყველას, ვინც სირიის დატოვებას შეეცდება. კილის დევნილთა ბანაკი თურქეთის ტერიტორიაზეა, ოღონდ საზღვართან მიბჯენილი. რამდენიმე ასეულ მეტრში სირიის დროშა ფრიალებს. ბანაკის ღობეს სირიის სამთავრობო ძალები დრო დადრო ცეცხლს უხსნიან. აპრილში ასეთი შეტევის დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა. ერთერთი დევნილი მისი ვაგონის კედელზე და ფანჯარაზე ნატყვიარზე მიუთითებს.
„ამ შეტევის დროს ჩემი ბიძაშვილი ბარძაყში დაჭრეს. ის დღესაც საავადმყოფოშია,“ - ამბობს ის.
ამის შემდეგ, დევნილთა ბანაკს ბეტონის კედელი შემოარტყეს, რომელიც ასადის საწინააღმდეგო ნახატებითაა აჭრელებული.
სირიიდან თურქეთში უკვე 27 ათასი დევნილია გადასული. მათგან 11 500 ამ ბანაკში ცხოვრობს. თუმცა, მათი იმედი, რომ კონფლიქტი მალე დასრულდება, ნელნელა ქრება.
ბანაკში სამედიცინო პუნქტი მუშაობს. სამედიცინო ცენტრში დაჭრილი და დაშავებული დევნილების დახმარება დროულად ხდება. ბანაკში რწმენის საქმეც მოგვარებულია. აქ არის ორი მეჩეთი, სადაც დევნილებს ლოცვა შეუძლიათ. მოქმედებს მაღაზიები და სამრეცხაოები.
საერთო ჯამში, დევნილები თავშესაფრის მიცემისთვის თურქეთის მთავრობის მადლიერნი არიან. მათი კრიტიკის მთავარი ობიექტი სირიის მთავრობაა. ასევე არ ავიწყდებათ რუსეთის ხლეისუფლებაც, რომელსაც ასადის რეჟიმის შეიარარებაში ადანაშაულებენ.
როგორც მოხუცი დევნილი ამბობს, ასადის რეჟიმს ირანი, რუსეთი და ვენესუელა უჭერენ მხარს. მისი თქმით, ეს კრიმინალური რეჟიმია, რომელიც სირიელმა ხალხმა მეგობრების დახმარებით უნდა მოიშოროს. კიდევ ერთ დევნილს უკვირს, თუ რატომ ახდენს შეერთებული შტატები სირიის იგნორირებას და რატომ არ აჩერებს რუსეთს?
აქ მყოფ დევნილებს საერთაშორისო პოლიტიკის სისტემის სირთულე ნაკლებად აინტერესებთ. მათთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზღვრის პირა რეგიონში ძალადობა ისევ გრძელდება.
XS
SM
MD
LG