ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიას ფინანსურად ეხმარება


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

ამერიკა დამატებით 12.8 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის სირიელ ხალხს, რომლებსაც საკუთარი მთავრობა ხოცავს. ამით ამერიკის მთლიანმა საგანგებო დახმარებამ სირიელი ხალხის მიმართ 52 მილიონი დოლარი შეადგინა.

დახმარება ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს ხმარდება და, ძირითადად, საერთაშორისო და არასამთავრობო ჰუმანიტარული პარტნიორების საშუალებით გადადის: მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა 16.5 მილიონი დოლარი მსოფლიო სასურსათო პროგრამას გამოუყო, 14.9 მილიონი დოლარი არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცათ, 8.5 მილიონი გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ოფისს, 8 მილიონი-წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, 3 მილიონი გაეროს უწყებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი დევნილების რეაბილიტაციაზე მუშაობს, 750,000 გაეროს ბავშვთა ფონდს, 500,000 კი გაეროს ჰუმანიტარული საკითხების საკოორდინაციო ოფისს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გათვლებით, დაახლოებით ერთი მილიონი სირიელი დახმარებას საჭროებს. სირიის კონფლიქტის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი პირების რაოდენობა კი 300,000 ადამიანს აღწევს. სწორედ ამ ალყა-შემორტყმულმა მოსახლეობამ ამერიკული სამედიცინო დახმარება და სხვა ჰუმანიტარული დანიშნულების ნივთები მიიღო.

სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით 45,000-მდე ადამიანს ჰომსში, 15,000-ს ჰამაში და 14,500-ს იდლიბსა და დამასკოს შემოგარენში სურსათი და პირველადი დახმარების ნითვები გადასცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. გაერო და არასამთავრობო ორგანიზაციები დამატებით 400,000-მდე სირიელს სასმელი წყლით, ჰიგიენური პროდუქტებითა და სხვა საოჯახო დანიშნულების ნივთებით ეხმარებიან.

ამ ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ლიბანის, იორდანიის, თურქეთისა და ერაყის დახმარებისთვის მადლიერებას გამოხატავს სირიელი ლტოლვილებისთვის დახმარების აღმოჩენის საქმეში. ამ წუთებში, თურქეთში 26, 700 სირიელი ლტოლვილი სპეციალურ ბანაკებში იმყოფება. ლიბანმა 26,000 სირიელ დევნილს აღმოუჩინა დახმარება. იორდანიაში, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ 24,000 სირიელი დევნილი აღირიცხა, ერაყში კი 4,600 სირიელი დევნილია რეგისტრირებული.

შეერთებული შტატები ყველა ზომას მიმართავს, რათა ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყოს ასადის რეჟიმის ძალადობის მსხვერპლთათვის. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიელ ხალხს განუცხადა - „მსოფლიო თქვენს გვერდით დგას და ჩვენ იგნორირებას არ მოვუხდენთ თქვენს შეჭირვებულ მდგომარეობას.“
XS
SM
MD
LG