ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა პარიზში


ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა სირიაში ომის დასრულების შანსები განიხილეს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00
ბმული

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკების დასაწყებად გარდამავლი მთავრობის შექმნის შესახებ, რის შედეგადაც სირიაში სამოქალაქო ომი უნდა დასრულდეს. კერის და ლავროვის შეხვედრა გუშინ პარიზში შედგა. დეტალებს საფრანგეთის დედაქალაქიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.

სირიაში ლიბანის საზღვრის სიახლოვეს ამბოხებულებსა პრეზიდენტ ასადის არმიას შორის გააფთრებული ბრძოლები გრძელდება. ქვეყნის გარეთ კი დიპლომატები ძალადობის დასრულებას ცდილობენ. პარიზში ჩასულმა სახელმწიფო მდივანმა კერიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადეს, რომ გასულ წელს ჟენევაში მიღწეული სამშვიდობო გეგმის თანახმად იმოქმედებენ.

„რუსეთიც და შეერთებული შტატებიც მოწოდებულნი არიან რათა ეცადონ ჟენევაში მიღწეული პრინციპების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული გარდამავალი მთავრობის შექმნას, რომელსაც ექნება სრული აღმასრულებელი ძალაუფლება და საშუალებას მისცემს სირიელ ხალხს თავად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი,“ - განაცხადა კერიმ.
ლავროვის თქმით, მოსკოვი და ვაშინგტონი საკითხის სერიოზულობას კარგად აცნობიერებენ.
„ვითარება არ უმჯობესდება და ყველა უნდა შევუწყოთ ხელი ამ სისხლისღვრის დასრულებას, რათა სირიელი ხალხის ტანჯვა დამთავრდეს,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამ ბრძოლაში რუსეთი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც, შეერთებული შტატები ამბოხებულთა მხარესაა. ბოლო დღეებში კონფლიქტში ახალი მოვლენა განვითარდა. კვირას სამხრეთ ბეირუთში ლიბანური ჰეზბოლას კონტროლირებად ტერიტორიას რაკეტები მოხვდა. ერთი დღით ადრე ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ პირველად განაცხადა, რომ მისი მებრძოლები სირიაში პრეზიდენტ ასადის არმიას ეხმარებიან.

ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს და ვაშინგნტონს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად შედარებით მეტი გავლენა გააჩნიათ.

„როდესაც შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის ფედერაციამ ეს ინიციატივა წამოაყენეს, წარმატების შანსები უფრო გაიზარდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შანსი გამოვიყენოთ და კონფლიქტი დავასრულოთ,“ - განაცხადა ლავროვმა.

ორშაბათს ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის ოპოზიციისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს მოხსნაზე გადაწყვეტილება მიიღეს. ამავდროულად, შეინარჩუნეს სანქციები სირიის მთავრობაზე. სირიის ოპიზიცია აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ასადის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება აღკვეთონ.

„მხოლოდ ობამა და ამერიკელები არ არიან, ვინც განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება წითელი ხაზი იქნება. ასევე, რუსებმაც განაცხადეს, რომ ეს წითელი ხაზია. თუმცა, ჯერ მხოლოდ ლაპარაკი გვესმის და საქმეს ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა სირიელი ამბოხებულების წარმომადგენელმა ადიბ შიშაკლიმ.

პარიზში, კერიმაც და ლავროვმაც განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო, თუმცა ამის დასამტკიცებლად უფრო მეტი სამხილია საჭირო. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის მარტში დაიწყო. დღეისთვის დაღუპულთა რიცხვმა 80 ათას ადამიანს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG