ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიელ ხალხს ეხმარება


ამერიკა სირიელ ხალხს 12 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამებით ეხმარება. ფინანსური შემწეობის უზრუნველყოფა გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის, მსოფლიო სასურსათო პროგრამისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით ხდება.

ამ ფონზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საგანგებო გაფრთხილება გამოაქვეყნა სირიაში სურსათის უსაფრთხოების სფეროში შექმნილი სიტუაციის შესახებ. მსოფლიო სასურსათო პროგრამა კი წინასწარმეტყველებს, რომ სირიაში ძალადობის ფონზე 1.4. მილიონი ადამიანი ამ პრობლემის წინაშე დადგება. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი და წითელი ჯვარი კი, კი რომლებიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით შეერთებული შტატებიდან მილიონობით ფინანსურ კონტრიბუციას იღებენ სირიაში საქმიანობის განხორციელების მიზნით, პირველად სამედიცინო მომსახურებას, სურსათს, სასმელ წყალს, ჰიგიენურ პროდუქტებს და გამათბობელ საშუალებებს უზრუნველყოფენ სირიის მოსახლეობისთვის.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა ასადის რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი 100 000 სირიელის დახმარებას გეგმავს და მათ თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას აპირებს. თებერვლის შემდეგ, სასურსათო პროგრამა 16 850 ადამიანს დაეხმარა ერთი თვის განმავლობაში თავი გაეტანათ. თუმცა ამ ფონზე, სირიაში იქ სადაც ძალადობა ყველაზე მეტად მძვინვარებს, დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია.

ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს, რათა ჰუმანიტარული დახმარება კიდევ უფრო გაზარდოს სირიისთვის და ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სურსათ-სანოვაგე თუ სხვა პირველადი მოხმარების საგნები.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ ასადის რეჟიმი, დიალოგის ნაცვლად, საკუთარ ხალხს კლავს და შეიარაღებულ თავდასხმებს კიდევ უფრო აძლიერებს მათ წინააღმდეგ.

ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები ძალადობას სანქციებით პასუხობენ. ნულანდის თქმით, ამის დასტურია დღეს ასადის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ქვეყნების რიცხვის ზრდა და მზარდი რაოდენობის სახელმწფოების მხრიდან სირიასთან დიპლომატიურ, სავაჭრო, საჰაერო თუ საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტა.

XS
SM
MD
LG