ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით სირიელი ლტოლვილთა ბანაკებს აფარებს თავს


სირია
50-გრადუსიან სიცხეში ბუღით და მტვრით სავსე თურქული ბანაკი უამრავი უსახლკარო სირიელისთვის სანატრელი თავშესაფარი გამხდარა. ის სირიის საზღვრიდან სულ 2 კილომეტრში მდებარეობს, თურქეთის უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე კი 10 კილომეტრია.

უსაფრთხოების ზომები თავშესაფარში უკიდურესად გამკაცრებულია. ვიდეოკამერის ბანაკში შეტანა აკრძალულია. სატელევიზიო ინტერვიუს მიცემის უფლება არცერთ დევნილს აქვს. მათი უმრავლესობა არამარტო ალეპოდან, არამედ სირიის ყველაზე შორი რეგიონებიდანაა ჩამოსული და თურქეთის საზღვრამდე ხშირად ასობით კილომეტრი აქვს გავლილი.

თუმცა, დევნილები იმასაც ამბობენ, რომ კეილანპინარის ბანაკი არასტუმართმოყვარეა და იქ ცხოვრების პირობები იმდენად გაუსაძლისია, რომ მათ გარისკვა და სირიაში დაბრუნება ურჩევნიათ. თურქეთის მთავრობის განცხადებით, 29 ათასამდე დევნილს სამშობლოში დაბრუნება სურს. როგორც ჩანს, მათ იმედს მიმდებარე საზღვრებთან თავისუფალი სირიის არმიის გამარჯვებებიც აძლევს.

თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული ბანაკების უმრავლესობა სავსეა. კეილანპინარის თავშესაფარში კი არც ისე ბევრი დევნილია. იქიდან ალეპომდე მანქანით სულ 40 წუთის გზაა. ქალაქში მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების გამო, გაეროს ანგარიშით ალეპოდან დევნილთა რაოდენობა დაახლოებით 200 ათასი იქნება.

ალეპოელი დევნილი, რომელსაც ვინაობის მედიაში გახმაურება არ სურს, ყვება, რომ მთავრობის ძალებმა ქალაქში ზედიზედ რამდენიმე საარტილერიო და სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მაგრამ მიმდებარე ტერიტორიებზე თავისუფალი სირიის არმიაა გამაგრებული და მათ პოზიციები საკმარისად გამყარებული აქვთ. ასე რომ ალეპოელებს გამარჯვების იმედი აქვთ და მეგობრებს და ნათესავებს არ ტოვებენ.

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ის მზად არის 100 ათასამდე ახალი დევნილი მიიღოს. ადგილობრივ მედიაში უკვე თურქეთის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონაზეა საუბარი, რომელიც სირიის ტერიტორიაზე უნდა მოთავსდეს.

კეილანპინარის თავშესაფარს ქალაქ კილის გუბერნატორი ეწვია, რომელსაც ბანაკის ინსპექტირება ევალება. ის არც ისე დარწმუნებული ჩანს, რომ აღნიშნული ბანაკი ქალაქ ალეპოდან დევნილთა დიდ ნაკადს მიიღებს.

„მე ნუ მეკითხებით, თქვენ ალბათ უფრო ინფორმირებული ხართ. შეტევებმა თუ ინტენსიური ხასიათი მიიღო, არ ვიცი რა მოხდება. შეიძლება პირიქით, ალეპოში უფრო გაიჭედონ და ვერ ჩამოვიდნენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ, საზღვრამდე ვინც მოაღწევს, ჩვენ მათ თავშესაფარს მივცემთ. დაჭრილებს კი სამედიცინო დახმარებას აღმოვუჩენთ“ - ამბობს გუბერნატორი.

ამერიკის ხმის ჟურნალისტმა, ჰენრი რიჯველმა ანტაკიის მთავარ საავადმყოფოში ვიდეოკამერით შესვლა მოახერხა და რამდენიმე სირიელი ლტოლვილი ჩაწერა. 58 წლის მუჰამედი ყვება, რომ ის საკუთარ სახლში იყო, როცა მთავრობის ძალებმა ქალაქ ჯისრ ალ-შუღურს ნაღმმტყორცნებით შეუტიეს. მუჰამედი თურქეთში ახალი ჩასულია, ჭრილობაც სახელდახელოდ აქვს გადახვეული. მისი თქმით, პრეზიდენტ ასადის არმია საბრძოლო თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით საკუთარ მოსახლეობაზე სრულმასშტაბიან საჰაერო იერიშს ახორციელებს. სირიული ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული, ყვება მუჰამედი.

როგორც ჩანს, თავისუფალი სირიის არმიას საკმარისი ძალა გააჩნია იმისთვის, რომ დევნილებს და დაშავებულებს დერეფანი მოუწყოს, რათა მათ თურქეთის საზღვარი გადაკვეთონ. თურქული მხარეც აცხადებს, რომ ის მზად არის დამატებით ათობით ათასი დევნილი შეიფაროს.
XS
SM
MD
LG