ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი და სირიელი ლტოლვილები


ყოველდღიურად 5 ათასიდან 6 ათასამდე ქალი ბავშვი და კაცი კვეთს სირიის საზღვარს

სირიაში, ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და ლტოლვილთა ნაკადი ამ ქვეყნიდან არ წყდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარი ანტონიო გუტიერესი ამბობს, რომ ყოველდღიურად 5 ათასიდან 6 ათასამდე ქალი ბავშვი და კაცი კვეთს საზღვარს და გარბის .

„როცა ვაკვირდებით კონფლიქტის ბოლოდროინდელ ესკალაციას, ყველაზე შემზარავი ისაა, რომ სირიიდან პირველი მილიონი ადამიანი ორი წლის განმავლობაში გაიქცა. მეორე მილიონი კი გაიქცა ექვსი თვის განმავლობაში. ამჟამად სახეზე გვყავს სირიის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი, რომელიც იძულებით ადგილნაცვალია ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ. ასევე გვყავს სირიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, რომელსაც ესაჭიროება დახმარება ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით.“

ორი მილიონი სირიელი ლტოლვილის გარდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის შეფასებით, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი არ დარეგისტრირებულა, როგორც ლტოლვილი და ოფიციალურ სტატისტიკაში არ არიან აღნუსხულნი. ამასთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იტყობინება, რომ ოთხ მილიონზე მეტი ადამიანია იძულებით ადგილგადანაცვლებული თვით სირიის საზღვრებში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ სირიელ ლტოლვილთა 97 პროცენტი მეზობელ ქვეყნებში: ლიბანში,იორდანიაში, თურქეთში და ერაყში იმყოფება. ლიბანში 720.000 ზე მეტი ლტოლვილია, ხოლო იორდანიაში და თურქეთში ნახევარ მილიონამდე თითოეულში.

ერაყის ქურთისტანში 172.000 სირიელი ლტოლვილია, მათგან 47.000 აგვისტოს ბოლო ორ კვირაში ჩამოვიდა.

გუტიერესი ამბობს, რომ ეს ქვეყნები მასიურ საერთაშორისო დახმარებას საჭიროებენ.

„ასეთ უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად აუცილებელია იმ ქვეყნების სტაბილურობის შენარჩუნება. ომი უკვე ლიბანისა და ერაყისკენ ვრცელდება და ყოველდღიურად იზრდება ახლო აღმოსავლეთში აფეთქების საშიშროება.“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი, საერთაშორისო დახმარების მოზიდვის მიზნით, ოთხშაბათს შეხვდება მთავრობის მინისტრებს ერაყიდან, იორდანიიდან, ლიბანიდან და თურქეთიდან. სააგენტო ამბობს, რომ წლის ბოლომდე ლტოლვილთა დახმარებისათვის საჭირო 1.6 მილიარდი დოლარიდან, მის ნახევარზე ნაკლები მიიღო.
XS
SM
MD
LG