ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში დემონსტრანტები სირიელთა დახმარებას მოითხოვენ


სირიელი აქტივისტები 2011 წლის 18 მარტს ამბოხის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სირიაში პოლიტიკური თავისუფლებისთვის დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა ბევრად უფრო ინტენსიური და ამავე დროს ძალადობრივი ხასიათი მიიღო

„არაბული გაზაფხული“ სირიაში განსაკუთრებით ტრაგიკულად განვითარდა. ოპოზიციის მოთხოვნების მიუხედავად პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არათუ არ გადადგა, არამედ ამბოხებულებს ძალადობით უპასუხა და ქვეყანაში განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დღეს ათასობით ადამიანია დაღუპული და დაპატიმრებული. გაეროს ვარაუდით მსხვერპლის რაოდენობა 10 ათასამდე შეიძლება იყოს.

კვირას ამბოხის დაწყების ერთი წლის იუბილე სირიელებმა ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში საპროტესტო მარშით აღნიშნეს. დამასკოში და ალეპოში შაბათს და კვირას 3 ტერორისტული აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქებების მიღმა, რომელმაც დამატებით 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 125-ზე მეტის დაშავება გამოიწვია. ხელისუფლება და ოპოზიცია მომხდარი ფაქტების გადაბრალებას ერთმანეთზე ცდილობს.

მიტინგი გაიმართა შეერთებული შტატების დედაქალაქშიც. ვაშინგტონის ქუჩებში გამოსული ამერიკის მოქალაქეები ქვეყნის ადმინისტრაციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სირიელი ხალხისთვის დახმარების აღმოჩენას სთხოვენ.

„ასადი სხვადასხვაგვარ მესიჯებს იღებს. ერთისმხრივ მას უთვლიან, რომ გადადგეს, მაგრამ თან არც არავინ ცდილობს აიძულოს ის, რომ ასე მოიქცეს. არავინ ეუბნება, რომ გარეშე ძალები ჩავერევით და გაიძულებთ წახვიდე და სისხლისღვრა შეწყვიტოო“ - ამბობს წარმოშობით სირიელი, ამჟამად კი ამერიკაში მომუშავე ექიმი - მაზენ ჰამადი.

ის ქალაქ ჰამაშია დაბადებული, სირიის ყოფილი პრეზიდენტის და ახლანდელი პრეზიდენტის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის მშობლიურ ქალაქში. დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად ჰამადი საკმაოდ შორიდან, ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდან ჩამოვიდა და ვაშინგტონამდე რამდენიმე საათი იმგზავრა. კიდევ უფრო შორიდან, მიჩიგანის შტატიდანაა ასევე წარმოშობით სირიელი აბე ალო, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში გაიზარდა.

მათთან ერთად თეთრი სახლის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს შერეული, ინგლისურ-არაბული ტრანსპარანტები უჭირავთ და ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ერთხმად მოითხოვენ. ისინი ამერიკის მთავრობასაც მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ვაშინგტონში შეკრებილი აქტივისტები სირიის მოქალაქეებს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებენ და ცდილობენ ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღება სირიისკენ მეტად მიაპყრონ.

მარიამ განემი წარმოშობით ეგვიპტელია და ამბობს, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა მთელს ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ ახლა იწყება:

„ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ცვლილებები უნდა მოხდეს. ხალხი ასე ცხოვრებას დიდხანს ვერ შეძლებს. საკუთარ სამშობლოში მათ უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნიათ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება სახლში ვინმე შეიჭრას, წაართვას რაც კი რამ გააჩნია, დააპატიმროს და მოკლას კიდეც. ძნელია იმის თქმა, რომ ეს რამდენიმე თვეში ან წელიწადში მოხდება. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ სიტუაცია ადრე თუ გვიან მაინც უნდა შეიცვალოს“ - ამბობს მარიამი.

სირიის ამბოხის დაწყებიდან დღემდე მსხვერპლის რაოდენობას დაახლოებით 8-დან 10 ათასამდე ანგარიშობენ. ექსპერტების აზრით დაღუპულთა უმრავლესობას მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენს და მათში სავარაუდოდ რამდენიმე ათასი უდანაშაულო ქალი და ბავშვია.

გაერთიანებული ერების რეზოლუცია სირიასთან დაკავშირებით რუსეთის და ჩინეთის მიერ ვეტოს დადების გამო ერთ ადგილზეა გაყინული. სიტუაციის გაუმჯობესებაში პროგრესს ჯერჯერობით ვერც გაეროს დამკვირვებლები აღწევენ და ვერც გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, დღეს კი სპეციალური დესპანი სირიაში, ბატონი კოფი ანანი.

XS
SM
MD
LG