ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა პარიზში


საფრანგეთის დედაქალაქში სირიის საკითხზე იმსჯელეს

გუშინ პარიზში სირიის საკითხზე დასავლეთის და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საფრანგეთმა, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ მხარეებს სირიის ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარიზი შიშობს, რომ სხვა შემთხვევაში ვითარების მართვის სადავეები ისლამისტების ხელში აღმოჩნდება. დეტალებს მოლაპარაკების ადგილიდან, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი არკვევდა.

სირიის მთავარი ოპოზიციურ სტრუქტურისთვის მილიონობით დოლარის დახმარების გაწევის შემდეგ, საფრანგეთი აცხადებს, რომ ამჯერად საერთაშორისო თანამეგობრობამ აქტიური მოქმედება უნდა დაიწყოს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა პარიზში შეკრებილ დიპლომატებს მიმართა.

„საფრანგეთის დედაქალაქში ჩასულ 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რათა აქტიური დამხარება გაუწიოს ოპოზიციის კოალიციას სირიაში. სხვაგვარად, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ვითარების მართვას ისლამისტები დაიწყებენ. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ მშვიდობიანად დაწყებული ამბოხება შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს,“ - განაცხადა ლორენ ფაბიუსმა.

ნოემბერში დაწყებული ფორმირების შემდეგ, სირიის ოპოზიციამ 100-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა საფრანგეთი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის გაწეული დახმარება არასაკმარისია.
სირიაში ისლამისტების გავლენის გაძლიერების შესახებ შეშფოთება გამოთქვა მოსკოვმა, როდესაც ალ-ყაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ ჯაბჰათ ალ-ნუსრამ ერთი კვირის წინ მომხდარ ტერორისტულ აფეთქებაზე აიღო პასუხისმგებლობა. ამდენად, არსებობს საშიშროება, რომ უცხოეთის ქვეყნები არაისლამისტური ოპოზიციის დახმარებას აგვიანებენ.

კოალიციის ვიცე-პრეზიდენტი რიად სეიფი აცხადებს, რომ დრო არ ითმენს. მისი თქმით, დროებითი მთავრობის ფორმირებისთვის და ე.წ. გათავისუფლებული ტერიტორიებისთვის აუცილებელია ფინანსური სახსრების გამოყოფა.

სირიაში ამბოხება უკვე 22 თვეა გრძელდება, რამაც დღემდე 60 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი სირის კონფლიქტის არც ერთ მონაწილეს არ უჭერს მხარს. ერთი დღით ადრე კი პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა „ფატალური შეცდომა“ დაუშვა, როდესაც სირიის ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად არ დაიწყო დემოკრატიული რეფორმების განხორციელება.
XS
SM
MD
LG