ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხოვრება დამასკოში


რელიგიური დიქტატურის მოლოდინში

სირიის დედაქალაქის მისადგომებთან ბრძოლები გრძელდება, თუმცა დამასკოს მოსახლეობა ცხოვრებას აგრძელებს. დეტალებს დამასკოდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი არკვევდა.

წელიწადნახევრის წინ, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ დაწყებული ამბოხება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ბრძოლები ქვეყნის დედაქალაქსაც შეეხო. ქალაქში ამჯერადაც გრძელდება ავტომობილების აფეთქებები, ზოგიერთ გარეუბანში ბრძოლებიც მიდის. ჭურვების აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ კვამლს მოსახლეობა ქალაქის სხვადასხვა შემოგარენში ხედავს. როგორი იქნება მომავალი არავინ იცის. თუმცა, ელექტროენერგიის გათიშვები, გაზის და საწვავის შემცირება და საერთაშორისო სანქციების შედეგები ყოველდღიური რეალობაა.

ჰამადიას ბაზარი ძველ დამასკოში მდებარეობს. ქსოვილებით მოვაჭრე ერთ-ერთი დამასკოელი მყიდველს ელის. ის ამბობს, რომ შექმნილი ვითარება კრიზისის შესაბამისია. ფასები დაცემულია, თუმცა, მყიდველიც ცოტაა. მას საქონელი ვეღარ შემოაქვს, რადგან სანქციები მოქმედებს. დამასკოელი მოვაჭრე ამბობს, რომ ყველაფერი „ღმერთის ხელშია“.

ყველაფერთან ერთად მმართველი პარტიის წევრები აცნობიერებენ, რომ ვითარება არაპროგნოზირებადია.

ბასამ ანუ აბდულა დამასკოში ერთ-ერთ კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს.

„ეს რეჟიმი დასრულებულია. ამას მე გეუბნებით, ბაათის პარტიის წევრი. არა იმიტომ, რომ პარტია დამნაშავეა, უბრალოდ პარტია აღარ მუშაობს,“ - ამბობს აბდულა.

ის ამბობს, რომ 2014 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, თუმცა არ იცის, როგორ მიაღწევს ქვეყანა ბრძოლის ველიდან საარჩევნო ყუთამდე. მთავრობა ამბოხებას უცხოელ მებრძოლებს აბრალებს. ქაოსის დადგომამ დაადასტურა, რომ მთავრობა ნაწილობრივ მართალია. ოპოზიციაც აცხადებს, რომ მათი მებრძოლების ათი პროცენტი საზღვარგარეთიდან ჩასული კონტინგენტია.

ბევრი ამბობს, რომ ამბოხება ისლამისტების დაკვეთით მიმდინარეობს, რომელთაც სეკულარული მთავრობის დამხობა სურთ.

„ჩვენ ერთი დიქტატურიდან - თუკი ამას დიქტატურა ჰქვია - უარეს დიქტატურაში გადავდივართ, ეს იქნება რელიგიური დიქტატურა,“ - ამბობს აბდულა.

მანამდე კი, დამასკოს მოქალაქეები დღიდან დღემდე, უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG