ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილთა მიღებას ეწინააღმდეგება


ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც შეერთებულ შტატებში სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილების მიღების პროცესს აჩერებს და მათი შემოწმების პროცედურებს ამკაცრებს.

კანონპროექტისთვის ვეტოს დადების პირობა უკვე დადო ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

წარმომადგენელთა პალატის ახლადარჩეული რესპუბლიკელი სპიკერის - პოლ რაიანის შეფასებით კანონი ლტოლვილების შემოსვლის შესაკავებლად „აუცილებელი მექანიზმია“ და მისი მიზანი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმებისგან ამერიკელების დაცაა. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი პრიორიტეტი ამერიკელი ხალხის დაცვაა,“ განაცხადა სპიკერმა.

რესპუბლიკელი კონგრესმენების მაიკლ მაკკოლის და რიჩარდ ჰადსონის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი კონგრესის 289 წევრმა დაუჭირა, 137 კი წინააღმდეგ წავიდა. მხარდამჭერებს შორის 50-მდე დემოკრატი იყო.

ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ამერიკელ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ
მაიკლ მაკკოლი, რესპუბლიკელი კონგრესმენი

დღეს კონგრესში დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით თავშესაფრის მსურველი სირიელი და ერაყელი ლტოლვილების წარსული გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა შეისწავლოს. ბიუროს მეთაურთან ერთად სათითაო ლტოლვილზე დასკვნა შიდა უსაფრთხოების და ეროვნული დაზვერვის სამსახურებმა კონგრესს უნდა წარუდგინონ.

სირიელი ლტოლვილების ამერიკაში მიღების პროცესის შეჩერებას რესპუბლიკელი კონგრესმენები განსაკუთრებით 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ითხოვენ. მათი აზრით, ეს ნაბიჯი ამერიკაში მსგავსი თავდასხმის განხორციელებას ხელს შეუშლის.

რესპუბლიკელი კანონმდებლები ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ ობამას გეგმას თავშესაფრის მაძიებელი 100 000 სირიელი ლტოლვილის მიღების შესახებ.

„ჩვენ ომში მყოფი ქვეყანა ვართ, ის რაც პარიზის ქუჩებში მოხდა ადვილად შესაძლებელია მომხდარიყო ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ჰიუსტონის ან ლოს-ანჯელესის ქუჩებში. ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ამერიკელ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ,“ განაცხადა კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასიდან მაიკლ მაკკოლმა, რომელიც საშინაო უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ობამა არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს ლტოლვილები ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„სინამდვილეს არ შეეფერება ის, რომ თითქოს ლტოლვილები ამერიკას უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან, ვიდრე ათასობით ტურისტი, რომელიც ქვეყანაში ყოველდღიურად შემოდის,“ განაცხადა ობამამ.

დემოკრატები კი ამტკიცებენ, რომ ამერიკა ღია უნდა იყოს მათთვის ვინც შემოწმების ეტაპს წარმატებით გაივლის.

„ჩვენ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე, არ უნდა დავუშვათ ჩვენი მოქმედებები არარაციონალურმა შიშმა განსაზღვროს,“ ასე ცდილობდა კანონპროექტის მხარდამჭერების დარწმუნებას დემოკრატი კონგრესმენი ნიუ-იორკიდან ჯეროლდ ნადლერი, რომელმაც ოპონენტებს შეახსენა, თუ როგორ გააბრუნა ამერიკამ ნაცისტებს გამოქცეული ებრაელი ლტოლვილები 1939 წელს.

ლტოლვილების მიღების მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი წინადადება მხოლოდ ქრისტიანი ლტოლვილების მიღება იყო, რასაც პრეზიდენტი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ ასეთი მოქმედება ამერიკული ღერებულებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჩვენ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე, არ უნდა დავუშვათ ჩვენი მოქმედებები არარაციონალურმა შიშმა განსაზღვროს
ჯეროლდ ნადლერი, დემოკრატი კონგრესმენი

„მე არ მსურს აქ ლტოლვილების სახელით ტერორისტები ჩამოვიდნენ. ვფიქრობ ძალიან, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და სიფრთხილით შევარჩიოთ თუ ვის მივიღებთ ქვეყანაში. მაგრამ ამავდროულად, კარების მიჯახუნება და თანაგრძნობის უქონლობა სწორი არ იქნება,“ ამბობს დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი.

ამავდროულად 20-მა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა უკვე განაცხადა, რომ მათ შტატში სირიელი ლტოლვილების მიღება არ სურთ.

პრეზიდენტმა ობამამ უკვე დადო პირობა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებდა, პრეზიდენტამდე კი მას კენჭი სენატმა უნდა უყაროს. დემოკრატი ლიდერების თქმით ისინი კანონპროექტის დაბლოკვას სენატშივე შეეცდებიან.

თეთრი სახლის მონაცემებით, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკამ სულ 2 174 სირიელი ლტოლვილი შეიფარა და არც ერთი მათგანი ტერორიზმთან კავშირებში დღემდე არ შეუმჩნევიათ.

2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ სირია დაახლოებით 4 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, საცხოვრებლის გამოცვლა კი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, 11 მილიონამდე მოქალაქეს მოუხდა.

XS
SM
MD
LG