ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოკჰოლმში ტერაქტები მოხდა


სტოკჰოლმში ტერაქტები მოხდა
სტოკჰოლმში ტერაქტები მოხდა

შვედეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სტოკჰოლმში მომხდარი ტერაქტები კამიკაძის მიერ იყო მოწყობილი, რომელიც ერთ-ერთი აფეთქების დროს დაიღუპა.

12 დეკემბერს მომხდარი ეს ინციდენტი პირველი ამგვარი ტერაქტი იყო შვედეთის ისტორიაში.

15 წუთის ინტერვალით მომხდარი ამ აფეთქებების დროს თავად ტერორისტი დაიღუპა და ორი გამვლელი დაიჭრა.

დაღუპული შვედეთის მოქალაქე თაიმურ აბდულვაჰაბი აღმოჩნდა, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე ბრიტანეთში ცხოვრობდა.

შვედეთის პოლიციის განცხადებით ამფეთქებელი სამი სახეობის ბომბით იყო შეიარაღებული, რასაც გაცილებით უფრო დიდი ზიანის მოტანა შეეძლო.

შვედეთის გენერალური პროკურორის ტომას ლინსტრანდის განცხადებით თავად ამფეთქებელმა, როგორც ჩანს შეცდომა დაუშვა და ბომბები დროზე ადრე აფეთქდა. რადგან ქუჩაში ბევრი ხალხი რომ ყოფილიყო მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით აბდულვაჰაბი ლონდონის გარეუბან ლუტონში ცხოვრობდა მეუღლესა და სამ შვილთან ერთად.

2004 წლიდან ის ბრიტანულ უნივერსიტეტში სპორტული თერაპიის კურსებზე სწავლობდა.

ამავე დროს დაიწყო მან მეჩეთში სიარული. როგორც ლუტონის ისლამური ცენტრის წარმომადგენელი ფარასატ ლატიფი აცხადებს, როდესაც ის მეჩეთში მოვიდა ძალზე მეგობრული და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა.

თუმცა ის თავიდანვე გამოირჩეოდა რადიკალური შეხედულებებით. როგორც ისლამური ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ ექსტრემისტული იდეების გამო წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად მან მიატოვა მეჩეთში სიარული და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ლუტონი უკვე მეორედ მოხვდა ტერორიზმთან დაკავშირებულ ამბებში. 2005 წელს ოთხი კამიკაძე ტერორისტი სწორედ ლუტონის მეტროსადგურიდან გაემგზავრა ლონდონის სატრანსპორტო სისტემის ასაფეთქებლად.

ასევე ბრიტანეთში ცხოვრობდა ნიგერიელი სტუდენტი უმარ აბდულ მუთალაბი, რომელიც ამერიკული ავიალაინერის აფეთქებას ცდილობდა.

გამომძიებლების ვარაუდით აბდულვაჰიდი მარტო არ მოქმედებდა. ახლა დასადგენია ის პატარა ბრიტანული ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო, თუ ალ-ყაიდას მსგავსი საერთაშორისო ქსელის ნაწილი.

XS
SM
MD
LG