ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცერზე შემდგარი "საქართველო", რომელსაც სუხიშვილები ჰქვია


სუხიშვილის დასი ნიუ-იორკში

სრული ანშლაგით ჩაიარა ნიუ-იორკში ლინკოლნის ცენტრში სუხიშვილების საიუბილეო კონცერტმა, რომელსაც ქართულ კულტურას მონატრებული ქართველი იმიგრანტები ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან და კანადიდანაც ესწრებოდნენ. 2015 სუხიშვილების საიუბილეო წელია. 70 წლის იუბილეს ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გასტროლით აღნიშნავენ.

დარბაზი სავსეა მაყურებლით, გაისმის უწყვეტი ტაში და ოვაციები. გაფრთხილება თავიდანვე იყო, რომ შოუს ფოტო და ვიდეო გადაღება არ შეიძლებოდა, თუმცა ქართველმა მაყურებელმა ეს მოთხოვნა ვერ შეასრულა. იყვნენ ისეთებიც, ვინც სუხიშვილების კონცერტზე იმიგრანტის ცხოვრების გამო, საპატიო მიზეზით ვერ მოვიდა.

ფილადელფია, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი. ამ ქალაქებში მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ბილეთები 2 თვით ადრე შეიძინეს. ლეგენდარულმა შემსრულებლებმა ნიუ-იორკში ქართველი იმიგრანტების ოჯახი კანადიდანაც ჩამოიყვანა.

სუხიშვილის დასი ნიუ-იორკში
სუხიშვილის დასი ნიუ-იორკში

ლევან ზაქარიაძე: ტორონტოში ვცხოვრობთ, თბილისში კი გვინახავს, მაგრამ ჩვენთან არ ჩამოდიან სუხიშვილები და ჩამოვედით ჩვენ, რათა დავესწროთ ამ კონცერტს. ამ კონტინენტზე მათ კონცერტს პირველად ვესწრებით. უკვე 15 წელია ტორონტოში ვცხოვრობთ.

ცუცა კაპანაძე: ბილეთი თვე-ნახევრით ადრე შევიძინეთ და მე ვარ ბედნიერი, რომ ლინკოლნის ცენტრის დარბაზშია ამ დასის სრული ანშლაგი. ხელოვანისთვის უმაღლესი ჯილდოა, როცა შენ ასე უყვარხარ მაყურებელს. როცა იმიგრაციაში ცხოვრობ მათ აქ ქართული სული, ქართული გული ჩამოაქვთ და სხვანაირად ხედავ და უყურებ ამას.

ლინკოლნის ცენტრის კომპანია "ინტერნეიშენალ კონცერტის" მოწვევით სუხიშვილები შეერთებულ შტატებში ამჯერად 50 -კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. სუხიშვილების არსებობის 70 წლის მანძილზე ეს შეერთებულ შტატებში მეთხუთმეტე გასტროლია. 1990 წელს სუხიშვილების კონცერტი ბროდვეიზე წლის საუკეთესო შოუდ დასახელდა.

ნინო სუხიშვილი: ნიუ-იორკის მაყურებელი ჩვენ კარგად გვიცნობს. ბროდვეიზეც გამოვსულვართ, სინდი-თეატრშიც, მედისონ სქვეარ გარდენში, ანუ ბევრი სცენა ნაცნობია ჩვენთვის ნიუ-იორკში. აქ არის მაყურებელი, რომელიც განებივრებულია შოუებით, მაგრამ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ 1990 -ში ჩვენი შოუ გამოცხადებული იყო პრესის მიერ როგორც წლის საუკეთესო შოუ ბროდვეიზე. ეს ნამდვილად ძალიან საამაყოა. ასევე ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენთვის, რომ ყოველთვის საუკეთესო პრესა გვქონდა ამერიკაში. ჩვენ საშუალოდ წელიწადში 70 კონცერტზე მეტს ვმართავდით ამერიკის ტერიტორიაზე, ამჯერად მხოლოდ სამი კონცერტით ვართ წარმოდგენილი და იმედი მაქვს, რომ ისევ განმეორდება გასტროლები და კიდევ უფრო მეტი კონცერტით ვეწვევით აშშ-ს.

სუხიშვილებმა ამერიკაში შერეული პროგრამა წარმოადგენს: 70 წლის საუკეთესო ცეკვები, ძველი, კლასიკური და ბოლო 15-20 წლის მანძილზე დადგმული ახალი კომპოზიციები. სუხიშვილებმა სცენაზე დაანთეს ცეცხლი, რომელმაც დროებით მიძინებული ქართული ემოციები იმიგრანტებში ისე გააღვიძა, რომ ტაში და ოვაციები ხშირად მუსიკის ხმას ფარავდა.

სალომე ზურაბიშვილი: პირველად ვისიამოვნე 56 წლის წინ პარიზში. და მას შემდეგ სულ ასე მსიამოვნებს, როცა ვუყურებ ამათ გამოსვლებს.

ამერიკის ხმა: 56 წლის წინ ალბათ სხვანაირი იყო შოუც.

სალომე ზურაბიშვილი: აბა რა. მაშინ სხვანაირი იყო, თუმცა მე ფანი ვარ სუხიშვილების და მათთან დაკავშირებით კრიტიკის უნარი მეკარგება.

ხათუნა დოღონაძე: უბედნიერესი ვარ. ხვალ რომ იყოს კონცერტი, ხვალაც მოვიდოდი ალბათ. საქართველოსთან ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი და დიდი ემოციით მივდივარ.

ნიუ-იორკში, კვირას, ქართული დიასპორის თაყვანისცემა არ მოკლებია ცერზე შემდგარ საქართველოს, რომელსაც 70 წელია სუხიშვილები ჰქვია.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG