ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქალაქო საზოგადოებები 2012 წლის სამიტზე


გლობალურ საერთაშორისო ურთიერთობებში აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიური ჯგუფების როლი თანდათან იზრდება. მათ ერთობლივ წვლილს საზოგადოების განვითარების და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ წარმატებებს, რომელსაც ამერიკის სამოქალაქო ორგანიზაციები უცხოელ მთავრობებთან ურთიერთობებში აღწევენ.

უფროსი მრჩეველი სამოქალაქო საზოგადოებების და დამწყები დემოკრატიის ქვეყნების საკითხებში, პროფესორი ტომიკა ტილმანი თვლის, რომ „გადამწყვეტი ცვლილებების“ დრო დადგა:

მისი თქმით, მთავრობებს და მოქალაქეებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალთა გადანაწილება და ურთიერთობები თანდათან იცვლება. ამ ტრანსფრმაციის ნაწილი საერთაშორისო ურთიერთობებიც ხდება. ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, შეერთებული შტატების სამოქალაქო საზოგადოება ამ ცვლილების ერთ-ერთი თანამონაწილეა.

ქალბატონმა კლინტონმა სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული დიალოგი 2011 წლის თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლიტიკური წინადადებები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან მიიღო. სამუშაო ჯგუფები ხუთ მთავარ საკითხზე მუშაობდნენ: მართვა და ანგარიშვალდებულება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ქალებისთვის ძალაუფლების მინიჭება, მშრომელთა საკითხები, რელიგია და საერთაშორისო ურთიერთობები. პროფესორი ტილმანის აზრით, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ საკითხებზე არამარტო გავლენას ახდენენ, არამედ ხშირად მთავარ მიმართულებებსაც განსაზღვრავენ.

მათი წევრები, ობამას ადმინისტრაციის, კონგრესის, თუ მრავალი სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები დღეს სამოქალაქო საზოგადოების 2012 წლის სამიტზე სტრატეგიულ დიალოგს მართავენ.

„შეხვედრების მთავარი მიზანი პოლიტიკის განსაზღვრა და ის ცვლილებები იქნება, რომელიც ჩვენ სამოქალაქო ორგანიზაციათა ეფექტურობის გაზრდაში დაგვეხმარება“ - აღნიშნავს პროფესორი ტილმანი. სამიტზე დიპლომატიური თრეინინგების დაწყებაც იგეგმება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს და მნიშვნელობას გაზრდის. ასევე ჩაეყრება საფუძველი საელჩოების დონის სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელიც გლობალური დიალოგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროფესორი ტილმანის განცხადებით, ისინი „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალიზაციაზე მუშაობენ, რათა გაიზარდოს მათი უერთიერთთანამშრომლობა დიდ ოცეულთან, თუ სხვა მეორეხარისხოვან საერთაშორისო შეხვედრებზე“. ამით სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მსოფლიო ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრებზეც შეეძლება. რაც თავისთავად საერთაშორისო აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენას გაზრდის. „პარტნიორობის გაძლიერება ყველა მხარის ინტერესებში შედის“, დასძენს ბატონი ტილმანი.

XS
SM
MD
LG