ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი შტორმი


ნიუ ჯერსი ისევ სტიქიას ებრძვის

ქარიშხალი „სენდი“ შეერთებული შტატების ბევრი მოქალაქისთვის უკვე მოგონებად იქცა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ნახევარ მილიონზე მეტი ამერიკელის შესახებ, რომელთაც ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება. უმეტეს შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც გათბობა აქვთ, არც წყალი და ხშირ შემთხვევაში საკუთარ სახლში დაბრუნებასაც ვერ ახერხებენ.

სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ნიუ ჯერსის და ნიუ იორკის შტატებს თავზე ახალი შტორმი დაატყდა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარები, ხშირი წვიმა და ზოგან თოვლი მოვიდა. სინოპტიკოსები თვლიან, რომ თოვლის საფარმა შესაძლოა 17 სანტიმეტრს მიაღწიოს. ქარის სიმძლავრე ნავარაუდევი 95 კილომეტრის ნაცვლად ჯერჯერობით საათში 35-40 კილომეტრს არ აღემატებოდა.

ორივე შტატში „სენდის“ შემდეგ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ახალი შტორმის მოლოდინში მშენებლობები შეჩერდა. სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. ნიუ იორკში პარკები და სანაპიროებიც დახურეს. ქალაქში 600-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ნიუ ჯერსის სანაპირო ქალაქებში მოსახლეობას დროებით მაღალ ადგილებზე თავშესაფრის ძებნა ურჩიეს.

გზები იქ ახლახან გაიხსნა, თუმცა ყველა ტრასა ბოლომდე ჯერ არ ფუნქციონირებს. ნიუ ჯერსის სანაპირო დასახლებებში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება მიემართება.

„სასიამოვნოა, რომ შემწეობა მაინც ორგანიზებულად მოდის. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ასეთი მოცულობის და ასე სისტემატური იქნებოდა. მოხალისეებიც უამრავი გვყავს,“ - აღნიშნავს ჯენიფერ ვარგო, საგანგებო სამედიცინო სამსახურის ტექნიკოსი, რომელიც ნიუ ჯერსის სანაპირო ქალაქ რამსონში იმყოფება.

ჯენიფერის და მისი თანამოაზრეების მიერ ორგანიზებულ თავშესაფარს „კომფორტის სადგური“ ჰქვია. აქ სტიქიით დაზარალებულებს რამდენიმე სახის დახმარებას აღმოუჩენენ, ტანსაცმლით და მედიკამენტებით დაწყებული, ელემენტარული ჰიგიენის საშუალებებით დამთავრებული. თუმცა, რა თქმა უნდა ეს ყოველივე მათთვის ხშირად საკმარისი არ არის. რამსონის მერის, ბატონი ჯონ ეკდალის თქმით, ახალ კრიზისს ისინი არ ელოდნენ.

„ჯერჯერობით მხოლოდ საკვების, ტანსაცმლის და თავშესაფრის პრობლემის მოგვარება შევძელით. ახალი შტორმის გამო ვვარაუდობთ, რომ დამატებით სულ ცოტა 50 სახლიდან ოჯახების დახმარება მოგვიწევს,“ - ამბობს რამსონის მერი.

დინა ლონგი, მეზობელი ქალაქის, სი ბრაითის მერი შიშობს, რომ მათ გაწეული სამუშაოებიც წყალში ჩაეყრებათ.

„ძალიან ძლიერი ქარია. წყლის დონემ უკვე ზრდა დაიწყო. შტორმმა შესაძლოა ახალი ნაგებობები დააზიანოს. და ის რაც ბოლო კვირის მანძილზე გავაკეთეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ამიტომ ამ ახალმა ქარიშხალმა შესაძლოა „სენდიზე“ კიდევ უფრო დიდი ზიანი მოიტანოს,“ - ამბობს ის.

„არა, ახლა ამის დრო არ იყო. ძლივს მივეჩვიეთ შექმნილ მდგომარეობას და ახალი შტორმი დაგვატყდა თავს. „სენდის“ შემდეგ ჩემი თანამშრომლები ჯერ სახლში არ გამიშვია და ოჯახები არ უნახავთ. ალბათ, ჯერ ვერც წავლენ, საკუთარ სახლებსაც ვერ მიხედავენ,“ - ამბობს რამსონის პოლიციის შეფი, სკოტ პატერსონი.

პოლიციელებისთვის ექსტრემალურ სიტუაციაში წინა ხაზზე მუშაობა უჩვეულო საქმე არ არის. ისინი უკვე მეორე კვირაა მეზობლებს გვერდში უდგანან და ტრაგედიის დროს აუცილებელ ფიზიკურ თუ მორალურ დახმარებას უწევენ. პოლიციის შეფის, სკოტ პატერსონის თქმით, ეს მათი პროფესიონალური და ადამიანური მოვალეობაა.
XS
SM
MD
LG