ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: სახელმწიფომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პროტესტის შეზღუდვა უნდა დაასაბუთოს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებების დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ მთავრობებს აქვთ უფლება შეზღუდონ ადამიანთა გამოხატვის თავისუფლება მაშინ, როდესაც ეს ჯანმრთელობის დაცვის გონივრული მიზეზებითაა საჭირო. "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" და სხვა საპროტესტო აქციებმა ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების ექსპერტები პანდემიის გაძლიერების საფრთხეზე დააფიქრა.

კომიტეტმა ამ მიმართულებით საკუთარი სამართლებრივი ინტერპრეტაცია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც პანდემიის დაწყებამდე სრულდებოდა, ახლა დამატებითი განმარტება სჭირდება.


სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 173 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვის საფუძველს ყოველთვის იძლეოდა.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფუძველით შეიძლება გამონაკლისის სახით დაწესდეს შეზღუდვები იქ, სადაც ინფექციის აფეთქება ფიქსირდება და თავყრილობა სახიფათოა", - ვკითხულობთ კომიტეტის ანგარიშში. თუმცა მისი ავტორი, ქრისტოფერ ჰინსი აზუსტებს, რომ დაუშვებელია ამ მითითების უსაფუძვლოდ და შეუსაბამოდ გამოყენება იმისთვის, რომ დემონსტრაციის ჩახშობა მოხდეს.

"ეს უფლება არ უნდა იყოს არამართლზომიერად გამოყენებული იმის წინაპირობად, რომ პროტესტი და ოპოზიცია გააჩუმონ", - თქვა მან და განმარტა, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, როგორიც იქნება დემონსტრანტების რაოდენობის შეზღუდვა კვადრატულ მეტრზე და სხვა ღონისძიებები იმისთვის, რომ სოციალური დისტანცირება გარანტირებული იყოს. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი არგუმენტები იმისთვის, რომ გარკვეული შეზღუდვა დააწესონ. ამ განმარტებებმა კი როგორც დემონსტრანტებს, ისე პოლიციელებს უნდა მიუთითოს მათი უფლებების შესახებ.

რაც შეეხება დემონსტრანტების მიერ ნიღბის ტარების უფლებას მაშინ, როდესაც ეს ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მსგავსად, მათ იდენტობას მალავს, კომიტეტი ამბობს, რომ ეს უფლება გარანტირებული უნდა იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG