ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს


სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჰედერ ნაუერტი
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჰედერ ნაუერტი

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰედერ ნაუერტმა განაცხადა, რომ “შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს [მიერ შემუშავებულ] წინადადებების პაკეტს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.”

ნაუერტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები დაეხმარება “ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე დაუცველი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და გაზრდის გადაადგილების, გაუმჯობესებული ცხოვრების და განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს.”

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ “მიესალმება საქართველოს მხრიდან დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართ ერთგულებას. შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიაობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.”

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 4 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოჰყვა.

ინიციატივა სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება. ესენია, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების ყველა დონეზე მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა; და მეთოდებისა და მექანიზმების დანერგვა, რომლებიც საქართველოს ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო სიკეთეებსა და სარგებელზე წვდომა, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე გახდა ხელმისაწვდომი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG