ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ბასმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასა


შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა 2011 წელს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე სპეციალური ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ამერიკის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, უკვე შეაფასა ეს ანგარიში და თავისი მოსაზრებებიც გამოთქვა შარშან საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში ბასმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია თავისი ვალდებულებისა - გამოააშკარავოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მსოფლიოს ქვეყნებში და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში სწორედ ამ ვალდებულების გამოვლინებაა. ელჩმა შარშან საქართველოში სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება, რადგან, მისი თქმით, დეპარტამენტის ანგარიში პრობლემურ სფეროებზე აკეთებს აქცენტს. საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის ელჩმა ქვეყნის პროგრესი მოიწონა შარშან საქართველოში ახალი ციხეების მშენებლობის საქმეში, და ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების მხრივ დააფიქსირა კმაყოფილება.

ამერიკელმა დიპლომატმა მოწონება გამოთქვა რელიგიური უმცირესობებისთვის შესაძლებლობის მიცემის გამო - დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. პრობლემურ სფეროებად კი, კანონის უზენაესობის მხრივ არსებული ჩავარდნები დაასახელა, მათ შორის მთავრობის მხრიდან პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენა მედია საშუალებებზე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავისუფლების პროცესში დაბრკოლებები და შარშან 26 მაისის მოვლენების დროს უსაფრთხოების ძალების კონკრეტულ წარმომადგენელთა მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ მათი დაუსჯელობა.

ამერიკის ელჩმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა ვერ ასახა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG