ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა ამერიკელი დიპლომატისგან განმარტებას ითხოვს


პრეზიდენტ ტრამპის მიერ აფრიკელ და ჰაიტელ იმიგრანტებზე გაკეთებულ განცხადებაზე ამერიკელი დიპლომატის ახსნა-განმარტება ამჯერად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამაც მოითხოვა.

გაზეთების "ვაშინგტონ პოსტისა" და "ნიუ-იორკ თაიმსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კანონმდებლებთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას, რომლის მთავარი თემაც იმიგრაცია იყო, განაცხადა: „რატომ ვაძლევთ ხალხს ამ ნაგავი ქვეყნებიდან ჩამოსვლის უფლებას?“ - საუბარი ჰაიტის და აფრიკის ქვეყნებს შეეხებოდა.

არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ მსგავსი მიდგომა დაგმო და მას "რასისტული" უწოდა. თუმცა პრეზიდენტი ამ ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი შეფასებები არ გაუკეთებია.

პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ მას შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გამოუყენებია. „შეხვედრაზე მე გამოვიყენე მკაცრი ტერმინები, მაგრამ არ მითქვამს სიტყვები, რომლებიც მედიამ გაახმოვანა,“ - დაწერა პრეზიდენტმა.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამერიკის ელჩის მოადგილეს დღეს ხვდებიან და ამ განცხადების შესახებ ისაუბრებენ. შეხვედრის ანონსში ნათქვამია, რომ სამხრეთ აფრიკისა და ამერიკის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ გაგებასა და პატივისცემას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG