ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონტრაბანდისტები ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებას ცდილობენ


ბარი, სადაც ვალენტინ გროშუ კლიენტს რადიოაქტიური მასალის მიყიდვაში გაურიგდა, კიშინიოვი, 5 ოქტომბერი, 2015

გასულ კვირას სააგენტო “ასოშეიტედ პრესი” წერდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა არა ერთხელ სცადეს რადიოაქტიური მასალები ახლო-აღმოსავლეთის ექსტრემისტების, მათ შორის ე. წ. "ისლამური სახელმწიფოსთვის" მიეყიდათ. საქმე ის არის, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფების ოთხი ასეთი მცდელობა აღკვეთა. ოთხივე შემთხვევაში, მოლდოვის მთავრობა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობდა.

“ასოშეიტედ პრესმა” ასევე აღნიშნა, რომ რადიოაქტიური მასალების გაყიდვა უკანასკნელად თებერვალში სცადეს, როცა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დააკავეს კონტრაბანდისტი, რომელიც მომაკვდინებელი ცეზიუმის გასასაღებლად "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელს ეძებდა.

კონტრაბანდისტმა, სახელად ვალენტინ გროშუმ, სუშის ბარში მიგზავნილ აგენტს ე.წ. ჭუჭყიანი ბომბის კომპონენტის სანაცვლოდ 2.8 მილიონი დოლარი მოსთხოვა. ცნობისთვის, მცირე რაოდენობის ცეზიუმს ქალაქის რამდენიმე უბნის მოწამვლა შეუძლია.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობითვე, აგენტს დაახლოებით ოცი შეხვედრა დასჭირდა, რათა კონტრაბანდისტის ნდობა მოეპოვებინა და ნაღდი ფულის სანაცვლოდ, მცირე ოდენობით ცეზიუმი შეესყიდა. გროშუ ციხეში აღმოჩნდა. მისმა დაპატიმრებამ კი თავის მხრივ, კიდევ უფრო ნათელი გახადა რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდასთან დაკავშირებული ვითარების სიმძიმე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოგვიანებით მიესალმა მოლდოვის მთავრობის საგამოძიებო ორგანოების მუშაობას, რამაც კონტრაბანდის აღკვეთა გახადა შესაძლებელი.

მეტის მოლოდინში
ახლახანს, “ასოშეიტედ პრესი” მოლდოვის მთავრობის საგამოძიებო მასალებს გაეცნო. მოლდოვაში რადიოაქტიური ნივთერებების კონტრაბანდის პრობლემა მწვავედ დგას. ქვეყნის ხელისუფლება ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება ამ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. ახლა ფაქტობრივად არავინ იცის, რა რაოდენობის რადიოაქტიური მასალაა შავ ბაზარზე.

მოლდოველი სამართალდამცველების ვარაუდით, კონტრაბანდა გაგრძელდება. სანამ კონტრაბანდისტებს დიდი ფულის კეთება დაუსჯელად შეეძლებათ, პრობლემა ვერ მოგვარდება, ამბობენ ისინი.
ბოლო წლებში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოლდოვას რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის აღსაკვეთად მაღალი დონის სპეც-ტექნიკა გადასცა. მოლდოველი სამართალდამცველები იხსენებენ ბოლო პერიოდის ყველაზე სერიოზულ შემთხვევას, როდესაც 2011 წელს მათმა აგენტმა რუსი ალექსანდრ აგეენკოს (ზედმეტსახელი “პოლკოვნიკი” ) დაჯგუფებაში შეაღწია. მოლდოვის მთავრობა აგეენკოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელს უწოდებს. “ასოშეიტედ პრესის” ცნობით, შუამავალმა, რომელიც პოლკოვნიკთან თანამშრომლობდა, სუდანელ მამაკაცს ბომბის დასამზადებლად საკმარისი ურანიუმი და ე.წ. ჭუჭყიანი ბომბისათვის საკმარისი ნივთიერება მიყიდა. მოლდოვის პოლიციამ მომაკვდინებელი მასალები შუამავლის ბინის რეიდისას ამოიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონ კირბი ამბობს, რომ “რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდასა და გავრცელებას აუცილებლად მოჰყვება მძიმე შედეგი, თუ მსოფლიო თანამეგობრობამ პროცესების შეჩერება ვერ შეძლო. აშშ-ის მთავრობა, უცხოეთის მთავრობებთან ერთად, ამ პრობლემასთან ბრძოლას გააგრძელებს.”

XS
SM
MD
LG