ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

22 წლის სოფი კარასეკის ბრძოლა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ


„ამაღამ მე მოგიწოდებთ შეუერთდეთ მილიონობით ამერიკელს, მათ შორის, მე და პრეზიდენტ ობამას, ათასობით სტუდენტს და ერთად დავდოთ პირობა, რომ ჩავერებით ძალადობის ყველა შემთხვევაში. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი კულტურა, ისე რომ ძალადობის არც ერთ მსხვერპლს არ ვაგრძნობინოთ თავი დამნაშავედ, რადგან მათ არაფერი დაუშავებიათ. მოდით, დავდოთ ეს პირობა,“ ამ სიტყვებით მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსკარების ცერემონიალის მილიონობით მაყურებელს და სცენაზე ლედი გაგა წარადგინა.

როცა ლედი გაგა როიალზე უკრავდა და სიმღერას „სანამ ეს შეგეხება“ ასრულებდა, მის გვერდით სცენაზე 51 ადამიანი იდგა. ყველა მათგანმა, სხვადასხვა დროს, საკუთარ თავზე გამოსცადა ის, რის წინააღმდეგ ბრძოლისკენაც ამერიკელებს კოდაკის თეატრის სცენიდან ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდა.

ლედი გაგას ემოციური შესრულების დროს სცენაზე იდგა 22 წლის სოფი კარასეკიც. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და აქტივისტი. ეს კარასეკისთვის პირველი საჯარო გამოსვლა არ იყო, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, როცა კულისებში, მის ისტორიას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს უყვებოდა.​

ფოტო თავდაპირველად გამოქვეყნდა კარასეკის ტვიტერზე
ფოტო თავდაპირველად გამოქვეყნდა კარასეკის ტვიტერზე

ისტორია 2012 წელს, კალიფორნიის შტატში ხდება. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი - ბერკლის - უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პირველ კურსელ გოგოზე ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი მამაკაცი ძალადობს. გოგო უნივერსიტეტს მიმართავს, სასწავლებელი არ რეაგირებს, მოძალადე კი ორ დღეში უნივერსიტეტს დაჩქარებულად ამთავრებს და უჩინარდება. უნივერსიტეტის გულგრილობა კარასეკს სამოქალაქო აქტივისტად აქცევს, ის თანამოაზრეებთან, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან, ერთად არასამთვრობო ორგანიზაციას End Rape on Campus-ს აფუძნებს.

ამერიკაში ყოველი მეხუთე ქალი ამბობს, რომ კოლეჯში სწავლისას სექსუალური ძალადობა გამოსცადა

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" და "კაიზერის ფონდის" მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკაში ყოველი მეხუთე ქალი ამბობს, რომ კოლეჯში ყოფნისას სექსუალური ძალადობა გამოსცადა. დღეს კარასეკი ამ ქალებს სასწავლებლის წინააღმდეგ საჩივრების მომზადებაში და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემის ძალისხმევაში ეხმარება.

„პირველ რიგში გამოძიების პროცესი უნდა იყოს სამართლიანი, რომ გამოძიების სამიზნე მოძალადეები იყვნენ და არა ძალადობის მსხვერპლები, როგორც ეს წარსულში ხშირად ხდებოდა. სექსუალური მოძალადეების დიდი ნაწილი სერიული მოძალადეა, ამიტომ მათი პასუხისგებაში მიცემით უფრო მეტი დაზარალებულის საქმე იქნება გახსნილი და მეტი პრევენციის მოხდენა გახდება შესაძლებელი. ჩვენ უნდა შევძლოთ იმის მიღწევა, რომ ეს პროცესი სამართლიანი იყოს და ძალადობის მსხვერპლს პოლიციაში განცხადების შეტანის არ ეშინოდეს,“ ამბობს კარასეკი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ სკაიპ ინტერვიუში.

სოფია კარასეკი სექსუალურ ძალადობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:59 0:00

„მეცხრე მუხლის“ სახელით ცნობილი 1972 წელს მიღებული სამოქალაქო უფლებების კანონი სასწავლებლებს სექსუალურ საფუძველზე სტუდენტების დისკრიმინაციას უკრძალავს. მეცხრე მუხლის საჩივრებს ამერიკის განათლების დეპარტამენტი იძიებს. მხოლოდ 2015 წელს დეპარტამენტმა მსგავსი გამოძიება 120-მდე უნივერსიტეტში დაიწყო.

საჩივრის მომზადებასთან ერთად End Rape on Campus-ი ძალადობის მსხვერპლებისთვის ერთგვარი ტრიბუნაა, სადაც საკუთარ ისტორიას ყვებიან და ამით პრობლემის მასშტაბების ჩვენებას ცდილობენ.

„ამ ადამიანებს ასევე სჭირდებათ, რომ მათ ენდობოდნენ და სჯეროდეთ მათი მონათხრობის. ჯერ კიდევ ხშირად უწევთ მოსმენა, რომ წვეულებაზე არ უნდა დაელიათ, რომ მოკლე კაბა არ უნდა ცმოდათ და მსგავსი საყვედურები. ჩვენ ვცდილობთ ხალხს ვასწავლოთ თუ რატომ არ უნდა დავადანაშაულოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მომხდარში,“ ყვება კარასეკი.

მისი თქმით, ხშირად დაზარალებულები მათ ისტორიებს არ ყვებიან, რადგან ეშინიათ, რომ მათ არ დაუჯერებენ.

„ტრავმირებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ გვესმის ამ პრობლემის სიმწვავე, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და რომ ისინი მარტო არ არიან.“

XS
SM
MD
LG