ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრენტ სკოუკროფტი ავღანეთზე მსჯელობს


ბრენტ სკოუკროფტი ავღანეთზე მსჯელობს

ავღანეთის ომი პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ანდრე დე ნეშნერამ ავღანეთში უკვე 10 წლის მანძილზე მიმდინარე ომთან დაკავშირებით ინტერვიუ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალ ბრენტ სკოუკროფტს ჩამოართვა.

ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 97,000 შეადგენს. ავღანეთის მიმართ შეერთებული შტატების სტრატეგიის მორიგი შეფასების თანახმად ამერიკელი სამხედროები ქვეყნიდან გასვლას ივლისში დაიწყებენ. თუმცა დოკუმენტში იმავდროულად აღნიშნულია, რომ სამხედრო ძალების გაყვანის ზუსტი განრიგი ჯერ-ჯერობით უცნობია. მთავარ ამოცანად 2014 წლისთვის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის ქვეყანაში უშიშროების დამყარებაზე პასუხისმგებლობის გადაბარება წარმოადგენს, თუ ამას რასაკვირველია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეესაბამება.

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად გამართულ პრეს კონფერენციაზე ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„იმედია ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარების პასუხისმგებლობას ავღანელ უშიშროების ძალებს ჩვენ მთლიანად გადავაბარებთ. მაგრამ თუ თქვენ ჩვენ წასვლას არ მოისურვებთ, ჩვენ აქ დავრჩებით.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და პენსიაზე გასული საჰაერო ძალების გენერალი ბრენტ სკოუკროფტი აღნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაციის სტრატეგია ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას ზუსტად შეესაბამება.

„მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა გახლავთ ის გაგვაჩნია თუ არა ჩვენ შესაბამისი რესურსები ამ სტრატეგიის განსახორციელებლად იმ დროის მონაკვეთში, რომელიც ჩვენთვის სასურველი იქნება. ეს ხომ მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია გახლავთ, რომელიც თავდაპირველად ანტი-ტერორისტულ სტრატეგიას წარმოადგენდა. ამდენად ჩვენი სტრატეგია თალიბებისგან ავღანეთის სხვადასხვა რეგიონების გათავისუფლებას და იქ ადგილობრივი მთავრობის დაარსებასა და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს,“ აღნიშნა სკოუკროფტმა.

მას მიაჩნია, რომ ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევას თალიბებისგან გათავისუფლებულ რეგიონებში მდგომარეობის სტაბილიზაცია წარმოადგენს.

„როგორც კი ჩვენი ძალები გადიან, მეამბოხეები ბრუნდებიან. მაშასადამე გათავისუფლებულ რეგიონებში სტაბილიზაციის შენარჩუნება დამატებით ძალებს მოითხოვს, ხოლო ეს კი ავღანელი ჯარიკსაცების მომზადებას უკავშირდება რათა მათ მეამბოხეებისგან გათავისუფლებულ რეგიონებში წესრიგის დამყარება შესძლონ. ახლა მთავარი საკითხავია ის შევძლებთ თუ არა ჩვენ ამ ამოცანის შესრულებას ჩვენი ძალებისა და მომზადებული ავღანელი შენაერთების მეოხებით,“ განაცხადა სკოუკროფტმა.

იანვრის დასაწყისში შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პენტაგონი ავღანეთის სამხრეთში მდებარე ყანდაარის რეგიონში დამატებით 1,500 საზღვაო ქვეითს გააგზავნის. როგორც ცნობილია ყანდაარი თალიბი მეამბოხეების მთავარი საყრდენი პუნქტია.

ბევრ ექსპერტს ეეჭვება, რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს და რომ იგი შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორია. სკოუკროფტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რაც შეეხება კარზაის ვაშინგტონს ბევრი არჩევანი ნამდვილად არ გააჩნია.

„ჩვენ მასთან პრობლემები დასაწყისიდანვე გვქონდა. ამ საკითხს ჩვენ ვერ გადავჭრით რადგან კარზაი ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ და ჩვენ მასთან ურთიერთობა მოგვიხდება მოგვწონს ჩვენს ეს თუ არა. ჩვენ საერთო ინტერესი გვაერთიანებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ ჩვენ წარმატებას არ მივაღწევთ, მაშინ პრეზიდენტიც წარუმატებელი აღმოჩნდება. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ კარზაის ყველა ჩვენი ინტერესი გულთან ახლოს არ მიაქვს. მას საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და ჩვენ ამ რთულ მდგომარეობას უნდა შევეგუოთ,“ დასძინა სკოუკროფტმა.

ბრენტ სკოუკროფტი აღნიშნავს, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატებისა და მოკავშირე ევროპული სახელმწიფოების სამხედრო ძალების გაყვანის ფონზე ამერიკელები სულ უფრო ხშირად დასვავენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვართ ჩვენ ავღანეთში და რა მიზანი გვამოძრავებს ჩვენ იქ. და თუ რამდენად გამართლებულია ყოველივე ეს პირადი შემადგენლობის დანაკარგებისა და მნიშვნელოვანი ფულადი დანახარჯების თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG