ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასკოლო ვაუჩერები ვაშინგტონში


სასკოლო ვაუჩერები ვაშინგტონში
სასკოლო ვაუჩერები ვაშინგტონში

ვაშინგტონის მოსამზადებელ სკოლაში ოთხშაბათი დილა ფიზკულტურის გაკვეთილით იწყება. ეს ამერიკის დედაქალაქში მდებარე კერძო სკოლაა, რომელსაც დი-სი პრეპსაც ეძახიან.

სკოლაში პირველიდან მე-12-ე კლასამდე დაახლოებით 90 მოსწავლე სწავლობს.წლიური გადასახადი აქ დაახლოებით 11 ათასი ამერიკული დოლარია. სკოლა დაბალ-შემოსავლიანი მშობლებისთვის სკმაოდ ძვირად ღირებულად ითვლება. ლესტინა ვოლასი ერთ-ერთი მათგანია, და მისი თქმით, ამ სკოლაში სიარულმა მის ქალიშვილ ნიას მსოფლმხედველობა შეუცვალა:

„სხვა სკოლებში, სადაც ნია დადიოდა საკუთარი თავის რწმენა ვერ შთაუნერგეს, ყოველთვის აბუჩად იგდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ კითხვა არ შეეძლო.“

ნია ახლა კარგად კითხულობს. მან კიდევ რამდენიმე სხვა მოსწავლესთან ერთად ფედერალური მთავრობის ვაუჩერი მიიღო, რომლითაც მშობლები მათი სწავლის გადასახადს იხდიან. მშობლები აცხადებენ, რომ დი-სი პრეპი უსაფრთხო სკოლაა და მათი შვილები აქ კარგად სწავლობენ. ერთ-ერთი მოსწავლე დომენიკი ამბობს:

„ამ სკოლამ საშუალება მომცა უფრო დისციპლინირებული ვიყო და ველურივით აქეთ-იქეთ აღარ ვირბინო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი.“

დომენიკის მამა ჯოზეფ კელი ვაუჩერის სისტემას სამი შვილისთვის იყენებს. მას 11 შვილი ჰყავს და დახმარების ამ პროგრამით უაღრესად კმაყოფილია, რადგანაც მის შვილები სახელმწიფო სკოლებში აკადემიურად ჩამორჩებოდნენ.

„საჯარო სკოლაში როცა ვაკითხავდი ხოლმე ჩემს შვილებს, სკოლის ადმინისტრაცია კითხულობდა ნეტა ეხლა რაღა უნდა ჩვენგანო, აქ მოსვლისას კი ყოველთვის მოხარულები არიან იმით, რომ ბავშვებს ვაკითხავ.“

საჯარო სკოლების მხარდამჭრები ვაუჩერების სისტემას მკაცრად აკრიტიკებენ, განათლების არჩევანის ფონდი კი ამ სისტემის მომხრეა. ფონდის განცხადებით, რამდენიმე შტატში მალე მიიღებენ კანონს, რომელიც ბავშვების კერძო სკოლებში სწავლას დააფინანსებს, ხოლო იმ მშობლებს, რომლებიც შვილებს კერძო სკოლებში ატარებენ, საგადასახადო შეღავათები ექნებათ. ვაუჩერების პროგრამას გავლენიანი კონსერვატორები უჭერენ მხარს.

მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ვაუჩერის სისტემა ამერიკაში უფასო საჯარო განათლების სისტემას საფრთხეს უქმნის.

ვაშინგტონის მერი ვინსენტ გრეი ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა. ცოტა ხნის წინ გრეი ვაშინგტონის პოლიციამ დააპატიმრა მაშინ, როცა ის ფედერალური მთავრობის მიერ ვაშინგტონზე ვაუჩერების სისტემის სავალდებულო დაწესებას დემონსტრაციაზე აპროტესტებდა.

ნათან სონდერსი ვაშინგტონის მასწავლებელთა პროფკავშირის პრეზიდენტია. მისი აზრით, ვაუჩერების მზარდი რაოდენობა შემაშფოთებელი ტენდენციაა.

„ვაუჩერები საჯარო სკოლებიდან ხალხის გადინებას უწყობს ხელს. მაგრამ ამ თემაზე არავინ საუბრობს. ვაუჩერი, რომელსაც ბავშვები ვაშინგტონში იღებენ, სწავლის გადასახადიდან დაახლოებით 7,500 დოლარს ფარავს. იმ სკოლაში, რომელშიც პრეზიდენტი ბარაკ ობამას შვილები დადიან, სწავლის გადასახადი წელიწადში 30,000 დოლარია. მშობლებისთვის ის გაურკვეველია თუ რა ხერხებით უნდა დაფარონ მსგავსი განსხვავებები?“

ვაუჩერების როგორც მომხრეებს ასევე მოწინააღმდეგეებს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კარგი არგუმენტები აქვთ. ამერიკის განათელბის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევა ორივე მხარისთვის იძლევა მტკიცებულებას. კერძო სკოლებში ვაუჩერის სისტემით მისული ბავშვები უკეთესად კითხულობენ, თუმცა მათემატიკაში გაუმჯობესება არ ეტყობათ. მაგრამ მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა, სკოლის დამთავრების მაჩვენებელი კერძო სკოლებში გაცილებით მაღალია, ვიდრე საჯარო სკოლებში.

XS
SM
MD
LG