ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები უნგრეთის წინააღმდეგ


სანქციები უნგრეთის წინააღმდეგ

ცამეტი წამყვანი ევროპული ფირმა მოუწოდებს ევროკავშირს დააწესოს სანქციები უნგრეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ უნგრეთის მთავრობა უცხოელ ინვესტორებს ავიწროებს და ქვეყანაში საბაზრო კონკურენტუნარიანობას ზღუდავს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტეფან ბოსი ბუდაპეშტიდან იუწყება, მას შემდეგ რაც 1 იანვარს უნგრეთმა ევროკავშირის მონაცვლეობითი პრეზიდენტობა ჩაიბარა, უნგრეთის მთავრობის მიერ ეკონომიკური საქმიანობის გარკვეულ სფეროებში გატარებული პოლიტიკის გამო საერთაშორისო თანამეგობრობაში მზარდი შეშფოთება შეინიშნება.

უნგრელები ბუდაპეშტის ათასწლეულის პარკში გამართულ საახალწლო წვეულებაზე უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობას ზეიმობდნენ. საცეკვავო მუსიკისა და საზეიმო განათების გარდა ხალხმრავალ ზეიმზე ლაზერული სხივებით აწყობილი უნგრეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტის - რუბიკის კუბის - გამოსახულებაც ჩანდა.

მაგრამ უნგრეთში მოღვაწე უცხოელ ბიზნესმენებს საზეიმო განწყობა არ ეტყობათ. მათ უნგრეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობის მიერ შემოღებული ახალი საგადასახადო წესები ძალიან აღელვებთ.

ცამეტმა წამყვანმა ევროპულმა კომპანიამ ევროკავშირს კოლექტიური წერილით მიმართა რათა ბრიუსელმა ბუდაპეშტზე ზეწოლა მოახდინოს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით უცხოური კომპანიების შევიწროება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

ხსენებულ ევროპულ კომპანიებში გერმანული, ფრანგული და ჰოლანდიური ენერგეტიკული, სადაზღვევო და ფინანსური კორპორაციები შედიან.

მარლინ დე ვრაისი ბუდაპეშტში მდებარე ჰოლანდიურ-უნგრული სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორია. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში მან კერძოდ აღნიშნა, რომ უცხოურ კომპანიებს ადარდებთ ის, რომ ახალი საგადასახადო წესები ბანკებზე, ენერგეტიკულ კომპანიებზე, კავშირგაბმულობის სფეროსა და საცალო ვაჭრობაში მოქმედ ფირმებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ქალბატონი დე ვრაისის თქმით, კოლექტიურ წერილში ნათქვამია, რომ უცხოური კომპანიები უნგრეთის მთავრობის მიერ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული საგანგებო გადასახადის დაწესებას ეწინააღმდეგებიან. უცხოური კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ როცა ისინი უნგრეთში ინვესტიციების დაბანდებას იწყებდნენ, უნგრეთის მთავრობამ მათ არ აცნობა, რომ ბუდაპეშტი ამგვარი გადასახადის შემოღებას აპირებდა. დე ვრაისი გაოცებულია იმით, რომ უნგრეთმა ევროკავშირის პრეზიდენტობა ჩაიბარა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკის გარკვეული ასპექტი საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გერმანულ კავშირგაბმულობის გიგანტს „დოიჩე ტელეკომს“ უნგრეთში შვილობილი კომპანია „მაგიარ ტელეკომის“ მეშვეობით დამატებით გადასახადებში უკვე 130 მილიონი დოლარის გადახდა მოუხდა.

ამას გარდა უცხოური კომპანიები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ უნგრეთის მთავრობა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებისა და საგანგებო ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დაახლოებით 14 მილიარდ დოლარად შეფასებული კერძო საპენსიო აქტივების მითვისებას აპირებს.

უნგრეთის მმართველი ფიდეშის პარტია აგრეთვე ისეთ ფინანსურ დაწესებულებებზე როგორიც არის სახელმწიფო სარევიზიო სამმართველო და ცენტრალური ბანკი კონტროლის დაწესებას ითხოვს.

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ ხსენებული ზომების მიღება გამართლებულია რადგან ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.

ორბანი აღნიშნავს, რომ როცა იგი ევროპელ ლიდერებს ხვდება, ის არწმუნებს მათ, რომ უნგრეთში მოქმედი კომპანიები ქვეყნის ბედ-იღბალს გაიზიარებენ. ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების ბედ-იღბალი პირდაპირ უკავშირდება უნგრეთის ბედ-იღბალს, აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ მინისტრი.

ბატონ ორბანს მიაჩნია, რომ ბრიუსელს უნგრეთის საქმეებში ჩარევის უფლება არ გააჩნია. მაგრამ მას ევროკავშირის წარმომადგენელი ოლივიე ბაილი არ ეთანხმება. ბაილიმ დაადასტურა, რომ ევროკომისია უნგრეთში მოქმედი უცხოური კომპანიების კოლექტიურ საჩივარს იკვლევს და სანქციების დაწესება სულაც არ არის გამორიცხული.

ევროკომისია წევრი-სახელმწიფოების მიერ საბიუჯეტო პრობლემების მოგვარების მიზნით ფისკალური ან საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღებაში არ ერევა, აღნიშნავს ბაილი. მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ „თანასწორუფლებიანობის პრინციპი აუცილებლად დაცული უნდა იყოს,“ რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სფეროში მოქმედ ფირმებზე უფრო მაღალი გადასახადების დაწესება დაუშვებელია რადგან ეს დისკრიმინაციას წარმოადგენს.

1 იანვარს უნგრეთის მთავრობამ ევროპაში ყველაზე შემზღუდველი მედიის მარეგულირებელი კანონი მიიღო.

მთავრობის მიერ დანიშნულ მედია საბჭოს მაუწყებლებზე დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაწესება შეუძლია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაზეთებსა და საინფორმაციო ვებ გვერდებზე არადაბალანსებული ან ამორალური ინფორმაცია მოთავსდა, მათ 100,000 დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

XS
SM
MD
LG