ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას" - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

"საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი" - ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა, ქვეყანაში არსებული მძიმე პროცესების შეჩერებას შეძლებს.

"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია" - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში, პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ყველა ფორმის დიალოგს, თუ ის კონსტრუქციულად წარიმართება.

"ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება" - აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ცნობილი ხდება, რომ ის მთელი დღის განმავლობაში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებოდა. პრეზიდენტის თქმით, შექმნილი ვითარება ელჩებთან დეტალურად განიხილა.

პრეზიდენტი ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებული პოლარიზებასა და დაძაბულობას. აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა და წაგების აღიარება დემოკრატიის ქვაკუთხედია.

"სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG