ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვიკილიქსის" სკანდალი ახლო აღმოსავლეთსაც მისწვდა


"ვიკილიქსის" სკანდალი ახლო აღმოსავლეთსაც მისწვდა
"ვიკილიქსის" სკანდალი ახლო აღმოსავლეთსაც მისწვდა

ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ დიდ შეშფოთებას გამოხატავენ ბაჰრეინი, კატარი, აბუდაბი და ომანი.

''ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული ამერიკული საელჩოების კომუნიკაციის დოკუმენტებიდან აშკარად გამოსჭვივის ის, რომ არაბულ სამყაროსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მთავრობებს ირანის რესპუბლიკის დიდი შიში აქვთ.

საერთაშორისო მიმომხილველები, ასე თუ ისე მიუთითებდნენ მათ ინფორმაციაში ამ ფაქტზე , მაგრამ დიპლომატიური კომუნიკაციის დოკუმენტებიდან ნათელი ხდება, თუ რამდენად დიდი მასშტაბები აქვს ამ შიშს.

მაგალითისათვის გამოდგება ეგვიპტეში აშშ-ს ელჩის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, რომლის თანახმადაც ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი არ არის წინააღმდეგი ამერიკა-ირანის დიალოგისა, თუ აშშ-ი ირანელთა არც ერთ სიტყვას არ დაიჯერებს.

იქვე ნათქვამია, რომ მუბარაკს სძულს ირანი და ირანელებს მატყუარებს უწოდებს და ჰგმობს ამ სახელმწიფოს მეთაურობას, რადგანაც ისინი ეგვიპტისა და რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

"ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში საინტერესოა საუდის არაბეთის მეფის აბდულას შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად აბდულა ხშირად მოუწოდებდა აშშ-ს დაერტყა ირანისათვის მისი ბირთვული იარაღის პროგრამის შესაჩერებლად.

იქვე მოყვანილია აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის ადელ ალ ჯუბეირის მოწოდება აშშ-სადმი "თავი გააგდებინოს ამ გველს". დოკუმენტებიდან აგრეთვე ირკვევა ის, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ დიდ შეშფოთებას გამოხატავენ ბაჰრეინი, კატარი, აბუდაბი და ომანი. აი რათქვა ჩვენთან საუბარში საუდის არაბეთის ერთ-ერთმა ცნობილმა გამომცემელმა ჯამალ კაშოგიმ:

„ვიკილიქსში" ჯერ-ჯერობით ვერაფერი ვნახე ისეთი, რამაც შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს საუდის არაბეთი. ისედაც საყოველთაოდ არის ცნობილი ირანისა და საუდის არაბული ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულება. თუმცა ჩემი აზრით, საინტერესო სულ სხვა რამ არის. ამიერიდან არაბული ლიდერებისაგან და არა მარტო მათგან, უნდა მოველოდეთ იმას, რომ უფრო მეტს იფიქრებენ, ვიდრე რაიმეს იტყვიან. ამიერიდან ყველა- ამერიკელები, პუტინი, ბერლუსკონი - ყველა უფრო წინდახედული იქნება.“

როგორც ამერიკის ხმასთან სუბარში ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აბოლ ჰასან ბანი სადრმა აღნიშნა:

„ ვიკილიქსის" გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია ისედაც კარგად იყო ცნობილი, მაგრამ ამ საიდუმლო კომუნიკაციების გამოქვეყნება, მათ ოფიციალურ ხასიათს აძლევს. მაგალითად ირანელებმა ისედაც იცოდნენ იმის თაობაზე, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ავადმყოფობს და ძალზეა შეშფოთებული იმით, თუ ვინ შეცვლის მას. თუმცა არც თუ ისე ბევრმა ირანელმა იცის ის, რომ მის შეცვლას ცდილობს ჰაშემი რაფსანჯანი. "

ამერიკის ხმასთან საუბარში ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტმა ჯეიმს დენსელოუმ აღნიშნა, რომ მისი აზრით, არც თუ ისე კატასტროფული იქნება "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალების შედეგები. დენსელოუს მხოლოდ აფიქრებს ის, რომ ამიერიდან ყველა დიპლომატი გადაჭარბებულად ფრთხილი იქნება განცხადებებში.

მისივე აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა "ვიკილიქსის" სკანდალიდან შეექმნებათ იმ ამერიკელ დიპლომატებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომლებიც ამ რეგიონიდან ცდილობენ, მათთვის საჭირო ინფორმაცია ამოიღონ.

XS
SM
MD
LG