ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის ახალი კანონი ანუ ღალატი რუსულად


ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში ნებისმიერის დადანაშაულება შეუძლია

რუსეთში ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც ღალატის მნიშვნელობას აფართოვებს. კრიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში მოქალაქეთა დადანაშაულების ფართო შესაძლებლობას აძლევს. ბრალდება კი ოცწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დეტალებს მოსკოვიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჯესიკა გოლოჰერი არკვევდა.

ახალი კანონის მიხედვით, ნებისმიერი პირი, ვისაც გააჩნია საიდუმლო ინფორმაცია, შესაძლოა, ჯაშუშობაში იყოს ეჭვმიტანილი, რაც მინიმუმ რვაწლიან პატიმრობას გულისხმობს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საიდუმლო მასალა არ მოხვდა უცხო მოქალაქის ხელში. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონი არ თხოვს ხელისუფლებას დაადასტუროს იმ ეჭვმიტანილის ბრალი, რომელმაც სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოება დააზარალა. წინა კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ღალატად ითვლებოდა როგორც ჯაშუშობა, ასევე უცხო ქვეყნისთვის დახმარების გაწევა.

ახალ კანონში, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურმა შექმნა, სიტყვა „შიდა უსაფრთხოების“ განმარტება ამოღებულია. შედეგად, შესაძლოა, ქვეყნის ღალატში დასდონ ბრალი იმ აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ რჩევებს ან დახმარებას, ასევე, ინფორმაციას აწვდიან უცხოურ ორგანიზაციებს. ოპოზიციის განცხადებით, კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში ნებისმიერის დადანაშაულება შეუძლია. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი ამბობს, რომ კრემლი კიდევ ბევრ ახალ კანონს მიიღებს, რათა მის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გააჩეროს.

ნემცოვის თქმით, ხელისუფლებას ეშინია რომ საკუთარი ხალხი მათ ზურგს შეაქცევს. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს ისეთი უკანონო ზომების გატარება, რომელიც ხალხის ნებას შეზღუდავს.

კანონის მიხედვით, ღალატში ბრალდებულს შესაძლოა მაქსიმუმ ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს. როდესაც მაისში პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მესამე ვადით დაბრუნდა, კრემლმა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა. არასანქცირებულ მიტინგებში და აქციებში მონაწილეობისთვის დაწესებული ჯარიმები 150-ჯერ გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოელი დონორებისგან იღებენ დაფინანსებას, მოეთხოვებათ უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირდნენ. ასევე, რუსეთში მუშაობა შეწყვიტა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომელიც რუსეთში ოცი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების შექმნას უწყობდა ხელს. კრემლის მტკიცებით, აღნიშნული ორგანიზაცია ქვეყნის შიდა პოლტიკაზე ცდილობდა გავლენის მოხდენას. ვაშინგტონი ამ ბრალდებას უარყოფს.

ქვეყნის ღალატის შესახებ შესწორებული კანონის მიღება პირველად 2008 წელს სცადეს, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა დმიტრი მედვედევს ეკავა. თუმცა, ძლიერი კრიტიკის შედეგად, მედვედევმა კანონპროექტი თაროზე შემოდო. კვირის დასაწყისში, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის კიდევ ერთხელ გადახევდა აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა, ამ დაპირების მიხედავად კანონი ძალაში ოთხშაბათს შევიდა. კრემლში აცხადებენ, რომ კანონმდებლობის გამკაცრება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით არის განპირობებული.
XS
SM
MD
LG