ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიზი: რა სურს რუსეთს სირიის კონფლიქტში მონაწილეობით?


ბრძოლები აზაზში, სირია.
ბრძოლები აზაზში, სირია.

იმ დროს, როცა შეშფოთება მატულობს იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში რუსული სამხედრო დახმარების შედინებამ, შესაძლოა იქ არსებული კონფლიქტი უფრო დაამძიმოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სამშაბათს თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს ესაუბრა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მოსკოვი სირიის ჩრდილო-დასავლეთის საპორტო ქალაქ ლატაკიაში ავიაბაზას აწყობს.

თეთრ სახლში, პრეს მდივანმა ჯოშ ერნესტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა ამერიკის პოზიცია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისადმი რუსეთის დახმარება „წამგებიანი ფსონია“.

„ამის მიზეზი ის არის, რომ წლების განმავლობაში ვნახეთ მისი წარუმატებელი ხელმძღვანელობა და ის , რომ მზად არის ქვეყნის სამხედრო ძალის გამოყენებით უდანაშაულო ადამიანები ამოხოცოს. მან იმ ქვეყნის მართვისთვის ლეგიტიმაცია დაკარგა. ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ რომ პრობლემის მოგვარებას, მიუხედავად რუსების გადაწყვეტილებისა მათი სამხედრო ძალები გაზარდონ, დიპლომატიური სტრატეგია სჭირდება“.

ერნესტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა მომავალ დღეებში პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბროს.

რუსული გაზეთი „ვედომოსტი“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსი სამხედროები იქ მხოლოდლატაკიის აეროდრომის და ტარტუსის სამხედრო საზღვაო ობიექტის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში და გაუმჯობესებაში დასახმარებლად არიან. რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთი ბაზა ტარტუსში აქვს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა სატელევიზიო ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთი სირიის მთავრობას იარაღს აწვდის და კვლავაც გააგრძელებს ამის გაკეთებას. მან ასევე თქვა, რომ იარაღთან ერთად რუსი სპეციალისტების გაგზავნაც აუცილებელია, რომლებიც სირიელებს ამ იარაღის გამოყენებას ასწავლიან.

ზოგიერთ მოსკოველ დამკვირვებელს მიაჩნია, რომ სირიაში რუსეთს ტექნიკური მომსახურებისა და წვრთნის გარდა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნები აქვს.

მოსკოვის ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე შუმილინს მიაჩნია, რომ რუსეთის მიზანი პრეზიდენტ ასადის ფიზიკური გადარჩენაა, რათა ხელისუფლების გადაცემის პოლიტიკური პროცესის დაწყება გახდეს შესაძლებელი. ასადს, თანამდებობაზე ყოფნის პირობებში, გარდამავალ პერიოდში რუსეთის როლის უზრუნველყოფა შეუძლია, მისი არყოფნის შემთხვევაში ეს როლი მკვეთრად შემცირდება.

ოპოზიციური ჯგუფების კოალიციის მიერ მოსკოვში დაფუძნებული სირიის ეროვნული საბჭოს წევრი მაჰმუდ ალ-ჰამზა ამბობს, რომ როგორც ჩანს ასადის ლატაკიაში გადაყვანას აპირებენ, რათა იქ ისე ჰყავდეთ, როგორც სირიის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მან აქვე დაამატა, რომ ასადის მთავრობის მარცხის შემთხვევაში, რუსეთი სირიაში ყველაფერს დაკარგავს.

შუმილინის აზრით, სირიაში მოსკოვის აქტიურობა შესაძლოა უკრაინაში შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან ყურადღების გადატანასაც ემსახურებოდეს და როგორც დამატებითი მომგებიანი სვლა, მილიტარისტული ციებ-ცხელებით შეპყრობილ პუტინის ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს კმაყოფილებას ანიჭებდეს.

XS
SM
MD
LG