ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიცია გამოძიებას განაგრძობს


შერიფის დეპარტამენტი მჭიდრო კავშირშია რუსეთის საელჩოსთან და სენატორ მარი ლანდრიუს ოფისთან

ტეხასის შტატის ხელისუფლება სამი წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზებს სწავლობს, რომელიც რუსეთიდან იშვილა ამერიკელმა წყვილმა. ექიმებს მშობლების მიერ ბავშვის სასტიკ მოპყრობაში გაუჩნდათ ეჭვი.
მაქს შატო 21 იანვარს ტეხასის შტატის ქალაქ ოდესაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი გამოკვლევისთვის გადააგზავნეს ჰოსპიტალში. პოლიციას ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია.
როგორც შერიფი გარი დუსლერი ამბობს:

“ სამედიცინო ოფისი და ბავშვთა დაცვის სამსხური ჩვენთან ერთად ჩართული არიან ამ საქმის გამოძიებაში, რადგან ეს არ გავს ბუნებრივ სიკვდილს. ახლა ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით.“

ბატონი დუსლერის განცხადებით, ოდესა პატარა ქალაქია და გვამის გაკვეთის შესაძლებლობა არ გააჩნია, ამიტომ ამ მიზნით დალასის საავადმყოფოებს იყენებენ:

“ ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ საქმის გამოძიებას და სანამ აუტოფსიის შედეგებს არ მივიღებთ მანამდე ვერაფერს ვიტყვით.“

გარი დუსლერის თქმით, შერიფის დეპარტამენტი მჭიდრო კავშირშია რუსეთის საელჩოსთან და სენატორ მარი ლანდრიუს ოფისთან, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების ჯგუფს ხელმძღვანელობს. ამერიკელი სენატორები რუსეთის ხელისუფლებასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, მას შემდეგ რაც გასულ წელს დუმამ აკრძალა რუსი ბავშვების გაშვილება ამერიკის მოქალაქეებზე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მაქს შატოს სიკვდილი ტრაგედიაა და ამერიკის მთავრობა რუსეთის საელჩოსთან და ჰიუსტონში ამ ქვეყნის საკონსულოსთან აწარმოებს კონსულტაციებს.ქალბატონი ნულანდის განცხადებით, ამ ნაშვილები ბავშვის სიკვდილთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მისი თქმით:

“ არ შეიძლება წინასწარ რაიმეს ლაპარაკი, მანამ სანამ ტეხასის შტატის ხელისუფლებას არ მიეცემა ამ საქმის გამოძიებს შესაძლებლობა.“

ამ ბიჭის დაღუპვამ კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთში იმათი პოზიციები ვინც ამერიკის მოქალაქეებზე ბავშვების გაშვილებას ეწინააღმდგება. რუსეთის ხელისუფლება აღშფოთებული იყო, როდესაც 2008 წელს პატარა დიმა იაკოვლევი ამერიკელმა მშობლებმა აუტანელ სიცხეში ავტომობილში დატოვეს ჩაკეტილი, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მაქს შატო, იგივე მაქსიმ კუზმინი იმავე ბავშთა სახლიდან გააშვილეს, საიდანაც დიმა იაკოვლევი იყო. მაქსიმის უმროსი, ორი წლის ძმა ახლაც ალან და ლორა შატოების ოჯახში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG