ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ახალგაზრდების სიკვდილიანობამ იმატა


რუსეთში არსებულ შიდა პრობლემებზე ბევრი კვლევა ტარდება. ეკონომიკა და შიდაკონფლიქტები, სკინჰედები და ფაშისტური ორგანიზაციები, კორუფცია და კლანები. ამ ჩამონათვალს ახალგაზრდობაში სიკვდილიანობის ზრდაც დაემატა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური კვლევა ჩაატარა, სადაც რუსეთი ახლაგაზრდების სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა. 10-დან 29 წლამდე ასაკის ყოველი 100 ათასი ადამიანიდან რუსეთში ძალადობრივი სიკვდილით 15,85 პროცენტი იღუპება. ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნა, რომლის შესახებაც საკმაოდ საინტერესო მასალა „ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქციამ მოამზადა. მეორე და მესამე ადგილები ახალგაზრდობაში ძალადობრივი სიკვდილიანობით ალბანეთმა - 11,2 პროცენტით და ყაზახეთმა 10,6 პროცენტით დაიკავეს. ამ მხრივ ყველაზე კარგი ვითარება გერმანიაში. სიკვდილიანობამ ახალგაზრდებში აქ მხოლოდ 0,5 პროცენტი შეადგინა. თუმცა, აქაც ახალგაზრდობაში გამოწვეული ძალადობრივი სიკვდილიანობის უდიდესი წილი რუს და თურქ ემიგრანტებზე მოდის. უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად პირველად განიხილა. კვლევის თანახმად, ახალგაზრდული გარჩევების დროს დაღუპულთა უმეტეს ნაწილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. რუსეთში დანით დაღუპულთა რიცხვმა 40 პროცენტი შეადგინა. ცეცხლსასროლი იარაღით მხოლოდ 10 პროცენტია დაღუპული. ექსპერტების განცხადებით, ეს ვითარება გამოწვეულია იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების მიდგომებით. ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დანები ადვილად ხელმისაწვდომია და მათი ტარებისთვის სპეციალური ნებართვა არ არის საჭირო.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი ვლადიმირ შლიაპენტოხი მიიჩნევს, რომ ასეთი მაჩვენებელი რუსეთში სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.

„ამის ძირითადი ახსნა - ალკოჰოლია. ახალგაზრდობას არ აქვს თავის მომავალზე ნათელი წარმოდგენა და შიშობს რაიმე გეგმების დასახვას. ხალხმა არ იცის რა მოხდება უახლოეს მომავალში. პრივატიზაციის და „მსუყე ნაჭრების“ გადანაწილების შემდეგ ახალგაზრდიობას პერსპექტივა აღარ დარჩა,“ - ამბობს ვლადიმირ შლიაპენტოხი.

რუსეთში სოციალური ვითარების გაუარესებაზე სხვებიც საუბრობენ. მოძრაობა „სოლიდარობის“ პოლიტსაბჭოს წევრი რომან დობროხოტოვი მიიჩნევს, რომ უკანასკნელ წლებში ცხოვრების დონის მომატებამ სოციალური მაჩვენებელი ვერ გამოასწორა.

როგორც მან „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რუსეთში პრაქტიკულად არ მუშაობენ სამართალდამცავი სტრუქტურები. მოსახლეობას პოლიციას უფრო მეტად ეშინია, ვიდრე ენდობა, ამიტომ უფრო ადვილად იგრძნობა დაუსჯელობა და ის რომ ყველას ყველაფერი ეპატიება, აცხადებს დობროხოტოვი.

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი იგორ ჩუბაისი კი მიიჩნევს, რომ ყველაფრის თავი და თავი ეკონომიკაა. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა სასარგებლო წიაღისეულზეა დაფუძნებული და არა მრეწველობაზე. მრეწველობის როლი ყოველდღიურად მცირდება, ასევე სოფლის მეურნეობას არ შეუძლია ქვეყნის მოსახლეობის ნახევრის მოთხვონილებების დაკმაყოფილებაც კი. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცაის ქმნის, მიიჩნევს ჩუბაისი.

ამავე დროს რომან დობროხოტოვი თვლის, რომ ახალგაზრდობაში ძალადობის ზრდის უმთავრესი მიზეზი დემოკრატიის პრობლემებს უკავშირდება. კერძოდ, როდესაც არ არის თავისუფალი პრესა, თავისუფალი არჩევნები, როდესაც საზოგადოებას არ აქვს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმები და საზოგადოება და ხელისუფლება ერთმანეთისგან ცალცალკე ცხოვრობენ, ეს ყველაფერი ძალადობას და კრიმინალს წარმოქმნის, რაც თავის მხრივ ახლგაზრდობის ცხოვრებაზეც აისახება.

XS
SM
MD
LG