ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აკრძალულ ზონაში ამერიკელი დიპლომატების აღმოჩენის შემდეგ პროტესტს გამოთქვამს


ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო “ტასის” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ სამი ამერიკელი დიპლომატის აკრძალულ ზონაში აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც ჩრდილოეთ რუსეთში, საიდუმლო პოლიგონის სიახლოვეს დააკავეს, მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ საპროტესტო ნოტას გადასცემს.

სამი დიპლომატი, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ატაშეები, 14 ოქტომბერს, მატარებლიდან ჩამოიყვანეს და ხანმოკლე დაკითხვა მოუწყეს. ეს გასაიდუმლოებულ არქტიკულ ვერფ, ქალაქ სევეროდვინსკთან მოხდა, სადაც აგვისტოში საიდუმლოებით მოცული აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ბირთვული ობიექტის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა თქვა, რომ დიპლომატები ოფიციალურ მივლინებაში იმყოფებოდნენ და მათი სამგზავრო გეგმების შესახებ რუსეთის ხელისუფლებას წინასწარ შეატყობინეს. დიპლომატიური მივლინების მიზეზი არ დასახელებულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიპლომატები აღმოაჩინეს აკრძალულ ზონაში, 40 კილომეტრით მოშორებით ქალაქ არხანგელსკიდან, სადაც ისინი გამგზავრებას გეგმავდნენ.

“ინტერფაქსი” იტყობინება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დიპლომატების მიერ მათი მარშრუტის შესახებ წინასწარი შეტყობინების ფაქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ ის სხვა მარშრუტისთვის იყო და მათ “შესაძლოა გზა აერიათ”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG