ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტს, სამშვიდობო შეთანხმების გატანა სავარაუდოდ, გაუჭირდება


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მძიმე ბრძოლა მოუწევს იმ სამშვიდობო შეთანხმების გასატანად, რომელიც შუა კვირაში რუსეთთან და დონბასის პრო-მოსკოვურ სეპარატისტებთან დაამტკიცა და ორი გამოყოფილი რეგიონის თვითმმართველობას, თუმცა უკრაინის ნაწილად დარჩენას გულისხმობს.

გადამწყვეტი მნიშვნელობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ხუთწლიანი კონფლიქტის დასრულებას, კრემლი მიესალმა. ამ კონფლიქტმა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მაგრამ უკრაინაში სულ უფრო იზრდება სკეპტიციზმი ამ, “შტაინმაიერის ფორმულად” ცნობილი შეთანხმების მიმართ. განსაკუთრებით იმ პირობის გამო, რომლითაც დონბასის რეგიონს არჩევნების შემდეგ, საგანგებო ავტონომიის სტატუსი მიენიჭება. შეთანხმების პირობების მიხედვით, არჩევნები კრემლის გავლენის გარეშე უნდა ჩატარდეს.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ზელენსკიმ მოსკოვს ზედმეტად ბევრი დაუთმო.

ოქსფორდის მკვლევარი და ცენტრალური ევროპის საქმეების აღიარებული მცოდნე ტიმოთი გარტონ ეში ამბობს, რომ ეს შეთანხმება “კიევის მხრიდან მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი დათმობაა, რადგან მოსკოვი მეტწილად ღებულობს რაც სურს, ეს არის ავტონომია კრემლის ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისთვის - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისთვის - და უკრაინის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე მოქმედ ვეტოს.

ეში ამბობს, რომ რამდენიმე ასეული ნაციონალისტის დემონსტრაციას, რომელიც შეთანხმებას აპროტესტებდა და მას ღალატს უწოდებდა “გააჩნია ყველანაირი პოტენციალი, რომ უაღრესად ძალადობრივში გადაიზარდოს და რაღაც ბევრად უფრო დიდი გამოიწვიოს.”

ზელენსკის იმედი აქვს, რომ ამ შეთანხმების გატანაში თავისი მაღალი პოპულარობა დაეხმარება, მაგრამ გამოკითხვამ აჩვენა, რომ 66 პროცენტს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნია, 23 პროცენტი წინააღმდეგია და მხარს მხოლოდ 18 პროცენტი უჭერს. შეთანხმების ფორმულის ავტორია ფრანც-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ადრიან კარატნიცკი აფრთხილებს, რომ მოსკოვმა და კრემლის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა შეთანხმების ყველა საკვანძო პირობა უნდა შეასრულონ, რაშიც შედის მძიმე შეიარაღების ჩაბარება და უკრაინისთვის საზღვრის კონტროლის სრულად გადაცემა.

სავარაუდოდ, პრო-მოსკოვური სეპარატისტები მშვიდობის გზაზე დაბრკოლებებს შექმნიან. სეპარატისტების ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები მათი წესებით უნდა ჩატარდეს და პირობა დადეს, რომ რუსეთთან საზღვრის კონტროლს არ დათმობენ.

თავისი საარჩევნო კამპანიის დროს, ზელენსკიმ კონფლიქტის გაგრძელებაში პოროშენკო დაადანაშაულა და საკუთარი თავი “მშვიდობის პარტიის” ლიდერად წარმოადგინა, რომელიც “ომის პარტიას” უპირისპირდებოდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეთანხმება იმის მაჩვენებელია, რომ კრემლს დასავლეთის სანქციების გაუქმება ძალიან სურს. სანქციები რუსეთს 2014 წელს, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაუწესდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG