ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ნატოს ახალი ურთიერთობები


რუსეთ-ნატოს ახალი ურთიერთობები

ავღანეთში მზარდი სამხედრო დიალოგისა და თანამშრომლობის ფონზე რუსეთი შეიძლება ნატოსთან ახალ ურთიერთობას უახლოვდებოდეს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი ლონდონიდან იუწყება, ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ლისაბონში მოახლოვებული ნატოს სამიტი იძლევა იმედს, რომ ურთიერთობა რუსეთთან გადახალისდება.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მიმდინარე თვის მეორე ნახევარში ლისაბონში დანიშნულ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრას დაესწრება. ლონდონში მდებარე უსაფრთხოების კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკოსი ოქსანა ანტონენკო აღნიშნავს, რომ ნატო რუსეთს აშკარად შემრიგებლურ გზავნილებს აწვდის.

„ვფიქრობ, რომ კეთილი ნების ამსახველი ბევრი მტკიცებულება არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივნის პირველი მოხსენება სწორედ რუსეთთან ურთიერთობას დაეთმო. ობამას ადმინისტრაციის მხრიდან შეინიშნება ძალიან სერიოზული სურვილი იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობა სულ სხვა, ხარისხოვბრივი თვალსაზრისით ახალ დონეზე გავიდეს. ვფიქრობ ამ მხრივ ბევრი რამ იცვლება,“ აღნიშნა ოქსანა ანტონენკომ.

ანტონენკო თანაავტორია მოხსენებისა, რომელშიც მოცემულია ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების რეკომენდაციები. მისი თქმით ნატოს სამიტი ლისაბონში ამ ხანგრძლივი პროცესის პირველი ნაბიჯი იქნება.

„ურთიერთობების გარდაქმნა რომელშიც ნატო და რუსეთი უხალისო პარტნიორებიდან მეგობრულად განწყობილ მხარეებად გადაიქცევიან რასაკვირველია დიდ ხანს დაიკავებს,“ განაცხადა ანტონენკომ.

მოხსენების თანაავტორი იგორ იურგენსი, რომელიც მოსკოვში თანამედროვე განვითარების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ რუსეთის დამოკიდებულება ნატოს მიმართ შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით იურგენსმა აღნიშნა:

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნატოდან შესაძლო თავდასხმის შესახებ აღარავინ ფიქრობს და ნატოში მე რუსეთის თავდასხმის შესახებ არავისგან გამიგია.“

ნატო-რუსეთის ურთიერთობა ნაწილობრივ დაიძაბა ალიანსის შესაძლო გაფართოების გამო რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით. საქართველოზე გადაწყვეტილება გადაიდო. ხოლო უკრაინის მთავრობამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული განაცხადი გაიწვია.

გასული თვის მიწურულს რუსეთის ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლმა აგენტებმა ავღანეთში სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს. ანტონენკო აღნიშნავს, რომ ეს უფრო ფართო თანამშრომლობის ერთ მაგალითს წარმოადგენს.

როგორც მოსალოდნელია ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაკეთდება განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი ავღანეთის სამხედრო ძალებს შვეულმფრენებს მიაწვდის. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ავღანეთში სამხედრო ძალების გაგზავნას არ აპირებს.

გაფორმებული შეთანხმების თანახმად რუსეთი ავღანეთის სამხედრო ძალებს მსუბუქ შეიარაღებას მიაწვდის. ამას გარდა არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ავღანეთის სამხედრო ძალებსა და პოლიციას მოამზადებს, რაც ავღანეთიდან ნატოს ძალების გაყვანის სტრატეგიის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG