ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოდერნიზაციას განათლების სისტემა აფერხებს


მოსკოვში მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელიც რუსეთის განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს მიეძღვნა.

სხდომის მონაწილეთა აზრით ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას სწორედ რუსეთის განათლების სისტემა აფერხებს. მიუხედავად იმისა რომ გაიზარდა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება და დიდი ყურადღება ექცევა პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას ამან ჯერ-ჯერობით ვერ ჰპოვა ასახვა უმაღლეს დამთავრებულთა ცოდნის ხარისხზე.

ამერიკის ხმასთან საუბარში რუსი ექსპერტების აზრები გაიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ კნიაგინი აცხადებს, თუ მოდერნიზაციაში თანამედროვე უცხოური ტექნოლოგიების რუსეთში შემოტანა იგულისხმება, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიები უფრო მაღალი კომპეტენციის მომსახურე პერსონალს მოითხოვს, ამის გამო ტექნოლოგიური ნოვაციები უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე ადამიანები მათ ათვისებას ასწრებენ.

ეს დამახასიათებელია ყველა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ნაკლებობით აღინიშნება. 90-იან წლებში როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები საბაზრო ეკონომიკის ანბანს ითვისებდნენ საჭირო გახდა იურისტების და ეკონომისტების გააქტიურება, დღეს როდესაც რუსეთის ეკონომიკა ახალ სტადიაში შევიდა ქვეყანას ტექნიკური სპეციალისტები სჭირდება. მათი მომზადება კი მოკლე ხანში უბრალოდ შეუძლებელია, მაგალითად ბიოტექნოლოგიების სპეციალისტის ჩამოყალიბებას სულ ცოტა 20 წელი სჭირდება. ახალი ამოცანების დაძლევა ძველი ინსტიტუტებით კი შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია მთლიანი სტრუქტურის შეცვლა. აცხადებს ვლადიმერ კნიაგინი.

ამ თვალსაზრისს არ იზიარებს პოლიტოლოგი ბორის ვიშნევსკი, რომელიც მიიჩნევს რომ რუსეთის განათლების სისტემა ასე თუ ისე გამართულად ფუნქციონირებს. მისი აზრით მთავარი პრობლემა ის არის რომ ქვეყანაში რეალურად არავითარი მოდერნიზაცია არ მიმდინარეობს. რუსეთის განათლების სისტემა რომ ცუდად მუშაობდეს მაშინ უმაღლეს დამთავრებულთა დიდი ნაწილი ვერ მოახერხებდა საზღვარგარეთ სამუშაოს შოვნას. იმავე შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად უამრავი რუსი ახალგაზრდა მიემგზავრება სამუშაოდ. აცხადებს ბორის ვიშნევსკი.

მისი აზრით მოდერნიზაციას განთლების სისტემა კი არ აფერხებს არამედ რუსი ჩინოვნიკების კორუმპირებულობა. რომელ მოდერნიზაციაზეა ლაპარაკი როდესაც რუსეთში ბიზნესის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია სახელმწიფო მოხელეთათვის ქრთამის გადახდის გარეშე, განათლებულ ახალგაზრდას კი სახელმწიფო სამსახურში დაწინაურების არანაირი შანსი არა გააჩნია თუ არა აქვს გავლენიანი მფარველის მხარდაჭერა. ამის გამო 2010 წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებელთა აბიტურიენტების 42%-მა სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული პროფესია აირჩია. მაშინ როდესაც რუსეთში უკანასკნელი წლების განმავლობაში პოტენციური ჩინოვნიკების რიცხვი კატასტროფულად იზრდება ტექნიკური სპეციალისტების რიცხვი განუხრელად იკლებს.

პრეზიდენტი მედვედევი ამაში ნაწილობრივ რუსეთის მასმედიას ადანაშაულებს, რომელიც მუშა-მოსამსახურეების პრესტიჟის ამაღლებაზე საერთოდ არ ზრუნავს. როგორც პოლიტოლოგი ბორის ვიშნევსკი მიიჩნევს განათლების სისტემის რეფორმა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. საჭიროა კორუფციის აღმოფხვრა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, რადგან დღეს ნებისმიერი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი აბსოლუტურად დაუცველია რუსეთის სახელმწიფო სისტემის წინაშე.

XS
SM
MD
LG