ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობების გამოძიება გააქტიურდა


რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობების გამოძიება გააქტიურდა
რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობების გამოძიება გააქტიურდა

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 16 რუსი ჟურნალისტის მკვლელები მართლმსაჯულებას ჯერ-ჯერობით წარმატებულად თავს არიდებენ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მთელი რუსეთის მასშტაბით ძალიან იშვიათია, როცა კრემლის მითითებით ჟურნალისტების მკვლელობების გამოძიება ეჭვმიტანილთა დაკავებით მთავრდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეჭვმიტანილ პირებს აკავებენ, ხშირად მათ შემდგომში ათავისუფლებენ. მაგრამ ამ ბოლო ხანებში ორი მაღალი პროფილის საქმის გამოძიების შედეგად ეჭვმიტანილთა დაკავებამ და მათმა შემდგომმა გასამართლებამ მიმომხილველებს შორის კამათი გააღვივა. ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ კრემლმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას. სხვებს კი ჰგონიათ, რომ ყველაფერი მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებით აიხსნება და კრემლი უბრალოდ პოლიტიკურ ქულებს იწერს, იუწყება მოსკოვიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ამ ცნობას გამუდმებით გადმოსცემდნენ. პოლიციამ 36 წლის ჩეჩენი რუსტამ მახმუდოვი დააკავა. მახმუდოვს 2006 წელს რუსეთში ცნობილი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ედება ბრალად.

პოლიტკოვსკაიამ სახელი გაითქვა იმით, რომ იგი ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს დაუღალავად აშუქებდა. თავის რეპორტაჟებში იგი კრემლის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ამჟღავნებდა.

პოლიტკოვსკაიას ყოფილი კოლეგა გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის მოადგილე სერგეი სოკოლოვი გახლავთ. სოკოლოვმა ხსენებული დაპატიმრება მიმდინარე გამოძიების კონტექსტში „მნიშვნელოვან განვითარებად“ დაასახელა, მაგრამ დაკავების დროულობაში ეჭვი შეიტანა.

სოკოლოვის თქმით, მას უკვირს თუ რატომ დასჭირდა პოლიციას ამდენი ხანი ეჭვმიტანილის დასაკავებლად.

რუსულ მედიაში გამოჩნდა სოკოლოვის განცხადება, რომლის თანახმადაც მას „ძალიან აინტერესებს ის თუ როგორ მოახერხა ეჭვმიტანილმა რუსეთიდან საზღვარგარეთ წასვლა და შემდეგ რუსეთში დაბრუნება მაშინ როცა მისი სახელი ძებნილთა საერთაშორისო სიაში იყო შეტანილი.“

თვით „ნოვაია გაზეტაში“ ამასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი განცხადებები გამოქვეყნდა. გაზეთში გამოქვეყნდა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ბრალი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს ედება.

პოლიტკოვსკაიას შვილი ილია აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ძალიან გაუჭირდება დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელის დაპატიმრება პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება.

ილია პოლიტკოვსკის თქმით, მახმუდოვის ბრალეულობა ჯერ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეჭვმიტანილის ბრალი დამტკიცდა, გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ის, თუ ვინ იყო ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთი, აღნიშნავს ილია პოლიტკოვსკი.

აღსანიშნავია, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოუტანა რუს ნაციონალისტს, რომელსაც გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ სხვა ჟურნალისტისა და უფლებადამცველის მკვლელობა დაუმტკიცეს.

ახალი ევრაზიის ფონდის მკვლევარი ანდრეი კორტუნოვი აღნიშნავს, რომ თუ კრემლი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ ახლებურ ყურადღებას იჩენს, ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდება, თუმცა ეს მაინც მისასალმებელია.

XS
SM
MD
LG